POG: შშმ პირის გაუპატიურებაში ბრალდებულისთვის გირაოს შეფარდებას სააპელაციოში გავასაჩივრებთ

პუბლიკა

პროკურატურა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას არ ეთანხმება და გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

„პროკურატურა არ ეთანხმება ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებას,  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების თაობაზე და აღნიშნულ გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.

პროკურატურამ ბათუმის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით – პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით მიმართა, თუმცა სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო – 50 000 ათასი ლარი შეუფარდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს“, – ნათქვამია განცხადებაში.


გუშინ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, კოტე ჭილაიამ შშმ პირის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული კაცის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით გამოიყენა 50 000-ლარიანი გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით. ბრალდებული 80 წლამდე კაცია.

სამართალდამცავებმა ბრალდებული 7 თებერვალს დააკავეს. შემთხვევა ქობულეთში მოხდა.

კაცს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,დ’’ და 138-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტებით წარედგინა (წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გაუპატიურება და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.