შშმ პირთა დღესთან დაკავშირებით ეროვნულ ბიბლიოთეკაში საშობაო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

პუბლიკა

3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა. დღეს 17 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პირველ კორპუსში საშობაო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. გამოიფინება ოთხი ორგანიზაციის ნამუშევრები, რომლებსაც შშმ პირები ქმნიან.

გამოფენა-გაყიდვა  17:00-დან 21:00-მდე გაგრძელდება.

_____________

გამოფენაზე წარმოდგენილნი იქნებიან, სოციალური საწარმოები – „ბაბალე“, „დადარი“, „სხივი“ და შშმ პირთა სათემო ორგანიზაცია „ხელი-ხელს“.

„ბაბალე“ საქართველოს დაუნის სინდრომის ბავშვებისა და მოზრდილების მშობლების მიერ დაფუძნებული საწარმოა, სადაც მშობლები და ბავშვები ქმნიან კერამიკასა და ხის ნაკეთობებს.

„დადარი“ არის სოციალური საწარმო, სადაც ეკოლოგიურად სუფთა ხის ხელნაკეთ სათამაშოებს (ცხოველთა სამყაროს, ფრინველთა სამყაროს, სხვადასხვა საამწყობო და შემეცნებით სათამაშოებს, ფაზლებს, ჩვილის სათამაშოებს, თოჯინებს, დინოზავრებს) ქმნიან ინტელექტუალური განვითარებისა და ფსიქოსოციალური საჭიროებების მქონე პირები.  სოციალურ საწარმოს შემოსავლის 100% მხოლოდ პროდუქციის რეალიზაციიდან აქვს.

„ხელი-ხელს“ მაია შიშნიაშვილის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციაა, სადაც სხვადასხვა შესაძლებლობის მქონე პირები ცხოვრობენ. „ხელი-ხელს“გამოფენაზე წარმოადგენს გურჯაანის საცხოვრისში ამოვლებულ ჩურჩხელებს.

„სხივი“ კი სოციალური საწარმოა, სადაც 20 შშმ პირი განმავითარებელ სათამაშოებსა და სუვენირებს ამზადებს.