„შშმ პირთა რეალური გაძლიერების კიდევ ერთი ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა" - შეფასება შშმ პირთა კანონის მიღებაზე

პუბლიკა

„მიუხედავად რიგი პოზიტიური ცვლილებებისა, მიგვაჩნია, რომ აღნიშნული კანონი, მისი დეკლარაციული ხასიათისა და შინაარსობრივი გამოწვევების გათვალისწინებით, ხელისუფლების მხრიდან შშმ პირთა რეალური გაძლიერების კიდევ ერთი ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა”, – ხელმომწერი ორგანიზაციები და შშმ აქტივისტები ეხმაურებიან 14 ივლისს, პარლამენტის მიერ „შშმ პირთა უფლებების შესახებ” კანონის მიღებას.

„აუცილებელია აღინიშნოს, რომ წლების განმავლობაში ქვეყანაში დგას გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის, არსებული საკანონმდებლო ბაზის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებისა და მისი ეფექტური აღსრულების მექანიზმების შემუშავების აუცილებლობა. ,,შშმ პირთა უფლებების შესახებ” კანონი უნდა გამხდარიყო მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ქვეყანაში შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისა და აღნიშნული ხარვეზების გამოსწორებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ კანონმა ცალკეული პოზიტიური ცვლილებები შემოგვთავაზა, მათ შორის, შშმ პირთა ფიზიკური და ფსიქიკური ხელშეუხებლობის გარანტირება, სპეციალური მოსარჩელის ინსტიტუტი, მართლმსაჯულების სისტემასთან შშმ პირთა წვდომის მხარდაჭერა, მან ვერ გამოიყენა თავისი პოტენციალი, რადიკალურად გარდაექმნა შშმ პირებთან მიმართებით არსებული სამართლებრივი ჩარჩო და პოლიტიკა. მეტიც, უნდა აღვნიშნოთ, რომ კანონის შემუშავებისა და მიღების პროცესი არ იყო საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი, ხოლო მისი შინაარსის მნიშვნელოვანი ნაწილი პრობლემურია”, – აცხადებენ ხელმომწერები.

ისინი აღნიშნავენ, რომ კანონპროექტის შემუშავების პროცესში, წლების განმავლობაში, იუსტიციის სამინისტრომ ვერ უზრუნველყო შშმ პირებისა და მათ უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების აქტიური ჩართულობა.

„ცხადია, რომ უწყების მიერ მათთვის წერილობითი და ზეპირი შენიშვნების წარდგენისათვის ერთჯერადი საშუალების მიცემა და ყოველგვარი უკუკავშირის გარეშე მათი უმეტესი ნაწილის გაუთვალისწინებლობა, არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, რომელიც ერთმნიშვნელოვნად აწესებს სახელმწიფოს მიერ შშმ პირებისა და მათი ორგანიზაციების ეფექტიანი და რეალური ჩართულობის ვალდებულებას მათთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

კანონპროექტის პარლამენტში ინიცირების შემდგომ შშმ პირებსა და ორგანიზაციებს ჰქონდათ დოკუმენტის განხილვისა და მიღების პროცესში აქტიური ჩართულობის ლეგიტიმური მოლოდინი. საჯაროდ გავრცელებული და პარლამენტისთვის მიწოდებული არაერთი განცხადებისა და შეფასების მიუხედავად, ინკლუზიური პროცესის შექმნა ამ ეტაპზეც ვერ მოხერხდა. ამ მიმართულებით, შშმ პირებისათვის მნიშვნელოვან გამოწვევას ქმნიდა როგორც ინფორმაციული, ისე ფიზიკური ბარიერები.

ზემოაღნიშნულ ბარიერებთან ერთად, პარლამენტმა მხედველობაში არ მიიღო ქვეყანაში COVID-19 – ის გავრცელების რისკები და შშმ თემის მნიშვნელოვანი ნაწილის მოწყვლადობა, ასევე, მათი შუამდგომლობები, არ მომხდარიყო კანონპროექტის ფორსირებულ რეჟიმში მიღება და შექმნილიყო განხილვის ინკლუზიური პროცესი, სადაც მათ ექნებოდათ შესაძლებლობა, კანონპროექტთან დაკავშირებით დეტალურად წარმოედგინათ მათი მოსაზრებები და რეკომენდაციები. სამწუხაროდ, ჩართულობის ფორმატების შექმნის სანაცვლოდ, პარლამენტმა მოკლე ვადაშივე, მეორე მოსმენით, მიიღო კანონპროექტი და დისტანციურ რეჟიმში მხოლოდ ორი შეხვედრა გამართა. ერთ-ერთი შეხვედრა პრაქტიკულად კანონპროექტით გათვალისწინებული შენიშვნების შესახებ შშმ თემის წარმომადგენლების ინფორმირებას ისახავდა მიზნად, მაშინ, როდესაც დოკუმენტში რაიმე არსებითი ცვლილების განხორციელების შესაძლებლობა უკვე აღარ არსებობდა”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

რაც შეეხება შინაარსობრივ ხარვეზებს, ხელმომწერები აცხადებენ, რომ კანონი, თავისი შინაარსით, დეკლარაციული და აბსტრაქტულია, არ ადგენს კონკრეტულ უფლებრივ სტანდარტებს და, შესაბამისად, არსებითად ვერ აუმჯობესებს შშმ პირების უფლებრივ მდგომარეობას. მიუხედავად შშმ თემისა და ორგანიზაციების არაერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაციისა, მათი უდიდესი ნაწილი არ ან არასრულად აისახა დოკუმენტში, რაც კანონმდებლობასა თუ პრაქტიკაში შშმ პირთა მთელი რიგი უფლებების დაცვის ეფექტიან საფუძველს ვერ შექმნის.

„დეკლარაციულ ხასიათთან ერთად, მიუხედავად შშმ პირებისა და ორგანიზაციების არაერთი რეკომენდაციისა, კანონმა არ გაითვალისწინა და არ დაადგინა უფლებრივი სტანდარტები გაეროს კონვენციით რეგულირებულ მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორისაა, სამართლებრივი ქმედუნარიანობა, სახელმწიფოს ვალდებულებები ფსიქიკური ჯანმრთელობისა და დეინსტიტუციონალიზაციის მიმართულებით, გადაადგილების, აზრისა და რწმენის თავისუფლების უზრუნველყოფა და სხვა. ამასთან, კანონი უგულებელყოფს ან/და მტკიცებით ფორმაში არ მოიცავს პოზიტიურ ზომებს, რაც სახელმწიფომ უნდა მიიღოს შშმ პირების მთელი სოციალურ-ეკონომიკური უფლებების – შრომის, დასაქმებისა და სოციალური დაცვის უფლებების – უზრუნველყოფისას. დამატებით, მაშინ როდესაც, საქართველოში არსებობს მნიშვნელოვანი გამოწვევები შშმ პირთა სერვისების დანერგვასა და განხორციელებასთან დაკავშირებით, კანონი მხოლოდ ერთი კონკრეტული სერვისისთვის – პერსონალური ასისტენტი – ქმნის სამართლებრივ ბაზისს, ხოლო სხვა კონკრეტულ მნიშვნელოვან სერვისებს ხედვის არეალის გარეთ აქცევს”, – აღნიშნავენ ხელმომწერები.

ხელმომწერი ორგანიზაციები და აქტივისტები:

  • მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის (MAEE)
  • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  • პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის (PNO)
  • ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ (FAD)
  • კოალიცია „მოძრაობა ცვლილებებისთვის“
  • საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია
  • მშობელთა საინფორმაციო ცენტრი (PIC)
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა ქსელი
  • კავშირი ქალი და რეალობა
  • ფონდი აურეს
  • ვოლფრამის სინდრომი – საქართველო
  • პარტნიორობა სოციალური კეთილდღეობისთვის – პსკ
  • საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი
  • თანამშრომლობა თანაბარი უფლებებისთვის (PER)
  • საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია
  • საქართველოს პორტიჯის ასოციაცია
  • ლეილა ხაჭაპურიძე
  • ნათია გოგოლაშვილი
  • გელა ბერაძე
  • დავით ბიბილეიშვილი
  • ოლღა კალინა
  • მარიკო კობახიძე