,,შშმ პირთა უფლებების კანონით ნაკისრი ვალდებულებების მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ შეუსრულებელია" | განცხადება

პუბლიკა

14 ივნისს – საქართველოში შშმ პირთა უფლებების დაცვის დღეს, ორგანიზაციები და შშმ აქტივისტები ეხმაურებიან „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების შეფერხებულ პროცესს და მთავრობას მოუწოდებენ დაუყოვნებლივ შეასრულოს კანონით ნაკისრი, ვადაგადაცილებული ვალდებულებები.

„საგანგაშოდ მიგვაჩნია, რომ იმ ვალდებულებების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელთა განხორციელების ბოლო ვადად მიმდინარე წლის 1 იანვარი იყო განსაზღვრული, საერთოდ არ შესრულებულა. ამ პერიოდში მხოლოდ ორი აქტივობის განხორციელება გახდა შესაძლებელი – იუსტიციის მინისტრის ბრძანებით შშმ პირთა უფლებების დამცველი ორგანიზაციებისთვის დამტკიცდა სპეციალური მოსარჩელის სტატუსის მიღების პროცედურები, ხოლო განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ნახევარი წლის დაგვიანებით შეიმუშავა და დაამტკიცა სურდო თარჯიმნების სერტიფიცირების პროგრამა. აღნიშნული ინსტრუმენტების არსებობა უდავოდ მნიშვნელოვანია შშმ პირთა თემისთვის, თუმცა ისინი ვერ ანაცვლებს კანონით გათვალისწინებულ სხვა ძირეულ ვალდებულებებს“,- განთქვამია განცხადებაში.

ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ:

საქართველოს მთავრობას:

  • უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს შშმ პირთა ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება და ამ პროცესში შშმ თემის წევრების (მათ შორის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში მცხოვრები პირების) აქტიური ჩართულობა;
  • უმოკლეს ვადებში შექმნას კონვენციის იმპლემენტაციისა და კოორდინაციის მექანიზმი, რომელიც იქნება კონვენციის სტანდარტების სრულ შესაბამისობაში და, მათ შორის, გაითვალისწინებს შშმ თემის ეფექტიან მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
  • შშმ თემის ჩართულობით უზრუნველყოფილი იყოს ყველა უწყების მიერ წლიური სამოქმედო გეგმების მიღება, რომელიც შინაარსობრივად დაეფუძნება შშმ პირთა რეალურ საჭიროებებსა და გამოწვევებს;
  • შემუშავდეს შშმ თემისა და ორგანიზაციების ჩართულობის სტანდარტი, რომლითაც იხელმძღვანელებს ცენტრალური და მუნიციპალური ხელისუფლება ნებისმიერი ტიპის საქმიანობის განხორციელების დროს;
  • განხორციელდეს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების აქტიური და სიღრმისეული ინფორმირება კონვენციითა და შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესახებ.

საქართველოს პარლამენტს:

  • შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონის აღსრულებაზე განახორციელოს აქტიური და ეფექტიანი საპარლამენტო ზედამხედველობა და ამ პროცესში უზრუნველყოს შშმ თემის აქტიური ჩართულობა და მათი პოზიციების პრიორიტეტიზაცია.