შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონპროექტში შენიშვნები მინიმალურად აისახა - ომბუდსმენი

პუბლიკა

სახალხო დამცველის აპარატი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონპროექტზე განცხადებას ავრცელებს.

მათი თქმით, სახალხო დამცველის აპარატის მიერ რამდენჯერმე გაიგზავნა მოსაზრებები/კომენტარები როგორც იუსტიციის სამინისტროში, ისე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში. თუმცა, მათი თქმით, შენიშვნები მინიმალურად აისახა.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ კანონპროექტი როგორც იურიდიული ტექნიკის, ისე ტერმინოლოგიური და თემატური მოწესრიგების თვალსაზრისით საჭიროებს დახვეწას.

„კანონპროექტი რეგულირების მიღმა ტოვებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების სპეციფიური საჭიროებები და ამ მიმართულებით სახელმწიფოს ვალდებულებები; გადაადგილების თავისუფლებისა და მოქალაქეობის ჭრილში გასათვალისწინებელი რეგულაციები; ფსიქიკური ჯანმრთელობის კუთხით გასატარებელი ღონისძიებები, მათ შორის სტაციონარს გარეთ, თემზე დაფუძნებული სერვისების შემუშავების/გაფართოების ჭრილში; ჯანმრთელობის კუთხით არსებული სერვისების ყოველმხრივი, მათ შორის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ საკუთრების ფლობა და მემკვიდრეობით მიღება, საკუთარი ფინანსური საქმეების მართვა, საბანკო სესხების, იპოთეკური, სხვა ფინანსური კრედიტების თანაბარი მისაწვდომობა“, – ნათქვამია გავრცელებულ განხცადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ კანონპროექტი არასრულყოფილად არეგულირებს ინკლუზიურ განათლებასთან, სოციალურ დაცვასთან, დისკრიმინაციის დაუშვებლობასთან, ინდივიდუალურ მობილურობასთან, სტატისტიკის წარმოებასთან და მისაწვდომობასთან დაკავშირებულ საკითხებს.

„კერძოდ, არასაკმარისი გარანტიებია გაწერილი ფორმალური განათლების მიღმა დარჩენილი შშმ პირების (ბავშვების) მოძიებისა და იდენტიფიკაციის მექანიზმების დანერგვის კუთხით, სოციალური დაცვის ნაწილში მოცემული დებულებები ბლანკეტური ხასიათისაა და არ მოდის შესაბამისობაში შშმ პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის 28-ე მუხლის (ცხოვრების ადეკვატური სტანდარტი და სოციალური დაცვა) მოთხოვნებთან. კანოპროექტი, დისკრიმინაციის დაუშვებლობის ნაწილში არ გვთავაზობს გონივრულ მისადაგებაზე უარის თქმის განმარტებას, ამასთან, მასში არ არის ინტეგრირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის გადაადგილების საშუალებების, მოწყობილობებისა და დამხმარე ტექნოლოგიების ფინანსურ ხელმისაწვდომობასთან, მობილურობის უნარ-ჩვევების სწავლებასთან, გადაადგილების დამხმარე საშუალებების, მოწყობილობისა და დამხმარე ტექნოლოგიების მწარმოებელი ორგანიზაციების მხარდაჭერასთან დაკავშირებული საკითხები.

გარდა იმისა, რომ კანონის პროექტი მისაწვდომობის ჭრილში მოიცავს ტერმინოლოგიურ უზუსტობებს, ის არ არის ჰარმონიზებული „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსსა“ და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ 2020 წელს შესულ ცვლილებებთან. ამასთან, კანონპროექტი დეტალურად არ არეგულირებს შშმ პირთა ინფორმაციის, კომუნიკაციისა და სხვადასხვა სახის მომსახურებებზე წვდომას.

შეფასების ახალ სისტემაზე დროულად გადასვლას არსებითი მნიშვნელობა აქვს შშმ პირთათვის შესაბამისი სერვისებისა და მომსახურებების დანერგვისთვის, შესაბამისად სახალხო დამცველი ნეგატიურად აფასებს გარდამავალი დებულებებით, აღნიშნული მიმართულებით განსახორციელებელ ღონისძიებათა გეგმის დამტკიცებისთვის ხანგრძლივი ვადის განსაზღვრას (2023 წლის 1 იანვარი)“,- წერია განცხადებაში.

სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ საქართველოს პარლამენტი გაითვალისწინებს წარდგენილ შენიშვნებს და მიიღებს ისეთ კანონს, რომელიც ხელს შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვას.

წაიკითხეთ განცხადება სრულად