შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მათი წარმომადგენლობითი ორგანიზაციები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობელთა ორგანიზაციები პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიმართავენ.
ისინი დღეს მთავრობის კანცელარიასთან აქციაზე შეიკრიბნენ და შშმ პირთათვის სოციალური პაკეტის გაზრდისა და შეფასების ობიექტური სისტემის დანერგვის მოთხოვნით საჯარო მიმართვა გაავრცელეს.
“კოვიდ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისისა და უკიდურესად დამძიმებული სოციალური ვითარების ფონზე, საქართველოს სახელმწიფოს მხედველობის მიღმა დარჩა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებები.
ხელისუფლებამ, 2021 წლის იანვრის თვიდან, ასაკობრივი პენსიის ზრდის პარალელურად, უცვლელი დატოვა შშმ პირთა სოციალური პაკეტი, რაც ცალსახად წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით ჩაგვრას და პირდაპირ დისკრიმინაციას. არსებულ ვითარებაში პაკეტის უცვლელად შენარჩუნება შშმ პირთა სოციალური მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუარესებას ნიშნავს.
სახელმწიფოს მხრიდან, აღნიშნული ქმედებით, ირღვევა საქართველოს კონსტიტუცია, შშმ პირთა უფლებათა დაცვის კანონი და გაეროს შშმ პირთა უფლებათა კონვენციით განსაზღვრული ვალდებულებები.
ჩვენ შშმ პირები, საკითხზე მომუშავე ორგანიზაციები, შშმ პირთა მშობლები და აქტივისტები
მოვითხოვთ:
-
საქართველოს მთავრობამ, შეწყვიტოს შშმ პირთა დისკრიმინაცია და ასაკობრივ პენსიასთან ერთად გაზარდოს სოციალური პაკეტი შშმ პირებისთვის. მოვითხოვთ აღნიშნული ცვლილებები ამოქმედდეს არაუგვიანეს 2021 წლის გაზაფხულისა.
-
საქართველოს მთავრობამ შეიმუშავოს კრიტერიუმები რითიც დადგინდება სოცალური პაკეტის ოდენობა, რათა დაკმაყოფილდეს შშმ პირთა საჭიროებები ღირსეული ცხოვრებისათვის.
-
სახელმწიფოს მხრიდან, შშმ პირთა დისკრიმინაციის ფაქტების თავიდან არიდების მიზნით, ამუშავდეს გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციაზე პასუხისმგებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო ორგანო.
მოთხოვნების უგულვებელყოფის შემთხვევაში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემი ვიტოვებთ უფლებას მივმართოთ კანონით გათვალისწინებულ პროტესტის სხვა ფორმებს!” – ნათქვამია მიმართვის ტექსტში.