შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 20 წლის ქალს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს.
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის, იძულებისა და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს 7 პირი.
„გამოძიებით დადგინდა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ე.ა.-მ, შ.ს.-ს დახმარებით, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით, ცოლად შერთვის მიზნით 2005 წელს დაბადებულ გოგონას თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა.
სამართალდამცველებმა, მომხდარი დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე მყისიერად დაადგინეს გატაცებული გოგონას ადგილსამყოფელი, რის შემდეგაც პოლიციამ ე.ა. და შ.ს. ბრალდებულების სახით დააკავა. ასევე, დაკავებულები არიან ის პირები, რომლებიც ინფორმაციას ფლობდნენ მომხდარი დანაშაულის შესახებ, თუმცა სამართალდამცველებს არ შეატყობინეს.
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის, იძულებისა და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 150-ე და 376-ე მუხლების პირველი ნაწილებით მიმდინარეობს“, – წერს უწყება.
დანაშაულები 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.