შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 8-9 მაისს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს, პოლიციაზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით 6 პირი დააკავეს. ამის შესახებ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, სულხან თამაზაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, აქციის მონაწილეები სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ნივთისა და კონსტრუქციის, ასევე „გაურკვეველი წარმოშობის ცრემლმდენი აირის გამოყენებით ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას და თავს ესხმოდნენ პოლიციელებს“. მისივე განცხადებით, დაშავებულია 7 პოლიციელი.
„აქციის მონაწილეები სხვადასხვა მძიმე საგანს, მათ შორის, ბოთლებს, ქვებს, მხუთავ და ცრემლსადენ ნივთიერებას და რკინის ნაჭრებს ისროდნენ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ეზოში, სადაც იმყოფებოდნენ შსს-ს თანამშრომლები და ასევე განთავსებული იყო სამინისტროს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებები.
საზოგადოებამ კარგად იხილა როგორ აზიანებდნენ აქციის მონაწილეები ადმინისტრაციის შენობაზე განთავსებულ ვიდეო-სამეთვალყურეო კამერებსა და მერიის საკუთრებაში არსებულ სხვადასხვა ნივთს”, – ამბობს თამაზაშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთმა პირმა სამართალდამცველთა მიმართულებით ისროლა ბლაგვი საგანი. ასევე, შსს-ს ცნობით, დაზიანდა საპატრულო პოლიციის ავტომობილი, დაკავებულთაგან ორმა პირმა დააზიანა შსს-ს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-ის ვიდეო სამეთვალყურეო კამერები.
„16 აპრილს, აქციის მიმდინარეობისას, ერთ-ერთმა დაკავებულმა, სამართალდამცველთა მიმართულებით ისროლა ბლაგვი საგანი, რის შედეგად განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა, თვალის არეში დაზიანება მიიღო.
ერთ-ერთმა დაკავებულმა პირმა, მიმდინარე წლის 16 აპრილს, დააზიანა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ავტომობილი.
1-2 მაისს, მიმდინარე აქციის დროს, დაკავებულთაგან ორმა პირმა დააზიანა შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-ის ვიდეო სამეთვალყურეო კამერები.
1 მაისს, ერთ-ერთმა დაკავებულმა საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციის დროს, დააზიანა პარლამენტის ჭიშკარი, ასევე, ისროლა ქვა პარლამენტის ეზოში მყოფი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიმართულებით, რის შედეგად დაზიანება მიიღო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველმა.
ასევე, 1 მაისს მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ერთ-ერთმა პირმა დააზიანა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შენობაზე დამონტაჟებული გარე სამეთვალყურეო კამერა”, – განაცხადეს შსს-ში.