შინაგან საქმეთა სამინისტრო მთაწმინდის ფერდობზე ნაპოვნ ცხედართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, რამდენიმესაათიანი ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მთაწმინდის ფერდობზე გარდაცვლილი ქალის ცხედარი იპოვეს.
„უცხო ქვეყნის მოქალაქე მიმდინარე წლის 30 ივლისს გაუჩინარდა. შემოსული შეტყობინების მიღებისთანავე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მთაწმინდის ფერდობზე სამძებრო ღონისძიებები დაიწყეს. სამძებრო სამუშაოებში ჩართულები იყვნენ კრიმინალური პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები.
ასევე ძებნის ოპერაციაში ჩართულები იყო საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის კინოლოგიის სამსახური“, – აცხადებს შსს.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, სსკ-ს 143-ე მუხლით დაიწყო. უწყება აღნიშნავს, რომ დაინიშნება შესაბამისი ექსპერტიზები, ტარდება ყველა საჭირო ოპერატიული და საგამოძიებო და ღონისძიება.
გუშინ, 30 ივლისს დაკარგული ავსტრალიის მოქალაქის სამძებრო სამუშაოებში ჩართული მოქალაქეები აცხადებენ, რომ შანეი ბრუკი გარდაცვლილი იპოვეს.
შანეი ბრუკი საქართველოში ინგლისურის პედაგოგად მუშაობდა. გაუჩინარებული ქალის ძებნაში პოლიციასთან ერთად მისი მეგობრებიც მონაწილეობდნენ. მეგობრები ფიქრობდნენ, რომ მას მთაწმინდაზე სეირნობისას თავს დაესხნენ. მათივე ცნობით, ღამით შანეი ბრუკმა მეგობარს დაურეკა, ტელეფონში კი ისმოდა, როგორ ითხოვდა შველას.