შსს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებს განმარტავს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებები განმარტა.

კერძოდ, უწყება გამოეხმაურა სამოქალაქო ორგანიზაციების განცხადებას პირის პრევენციული დაკავების შესაძლებლობის შესახებ.

13 დეკემბერს „ოცნების“ მიერ მიღებული ცვლილების მიხედვით, პირის დაკავების საფუძველი შეიძლება გახდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის პრევენცია.

როგორც შსს განმარტავს, საკანონმდებლო ცვლილებით დადგინდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ პირს უკვე ჩადენილი აქვს სამართალდარღვევა და, ამასთანავე, არსებობს სარწმუნო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის კვლავ ჩაიდენს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, პოლიციას აქვს ამ პირის დაკავების უფლებამოსილება სამართალდარღვევის შესაძლო ჩადენის აღკვეთისა და მის მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით.

შსს ამტკიცებს, რომ ეს ცვლილება შესაბამისობაშია ევროსასამართლოს სტანდარტებთან და ევროპული ქვეყნების პრაქტიკასთან.

„არცერთი პრევენციული ღონისძიება პოლიციას არ აძლევს ზოგად, აბსტრაქტულ საფრთხეზე აპელირებით რაიმე ღონისძიების განხორციელების შესაძლებლობას, მით უფრო იმ დასაბუთებით, რომ რომელიმე პირი ან პირთა ჯგუფი მიდრეკილია, ჩაიდინოს დანაშაული ან სხვა ძალადობრივი ქმედება.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის პრევენცია გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც პირის მიერ ჩადენილია სამართალდარღვევა და ამასთან არსებობს სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის რეალური საფრთხე.

სამართალდარღვევის ჩადენის რეალური საფრთხის თავიდან აცილება გულისხმობს, რომ არსებობს მაღალი ალბათობა კონკრეტული სამართალდარღვევა განმეორებით იქნება ჩადენილი კონკრეტული პირების მიერ. საფრთხის რეალურობა უნდა დადასტურდეს კონკრეტული ფაქტებით ან ინფორმაციით, რაც წარდგენილი უნდა იქნას სასამართლოს წინაშე.

აქვე აღსანიშნავია, რომ ნებისმიერ დაკავებულ პირს მისი დაკავების კანონიერების შემოწმების მიზნით აქვს უფლება, მიმართოს სასამართლოს და დაკავების უკანონოდ ცნობის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი კომპენსაცია“, – აცხადებს შსს.

საიას თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე გამოეხმაურა შსს-ს მიერ გავრცელებულ განმარტებას და სოციალურ ქსელში დაწერა:

„განცხადებაში შსს ამბობს:

1. პრევენციულ დაკავებას პოლიცია გამოიყენებს მაშინ, რომ მაღალი ალბათობა კონკრეტული სამართალდარღვევა განმეორებით იქნება ჩადენილი კონკრეტული პირების მიერ. საფრთხის რეალურობა უნდა დადასტურდეს კონკრეტული ფაქტებით ან ინფორმაციით, რაც წარდგენილი უნდა იქნეს სასამართლოს წინაშე.

2. ნებისმიერ დაკავებულ პირს მისი დაკავების კანონიერების შემოწმების მიზნით აქვს უფლება, მიმართოს სასამართლოს და დაკავების უკანონოდ ცნობის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი კომპენსაცია.

არსებული რეალობისა და პრაქტიკის გათვალისწინებით ეს ნიშნავს შემდეგს:

თუ პოლიციამ არასწორად ივარაუდა, რომ პირი ისევ ჩაიდენდა სამართალდარღვევას და შეცდომით დააკავა პირი, დაკავებულს იზოლატორში დატოვებენ 48 საათის განმავლობაში.

იზოლატორიდან რომ გამოვა, უსაფუძვლოდ დაკავებული თუ გადაწყვეტს, რომ ამაზე იდავოს, ჯერ უნდა მიმართოს შსს-ს შესაბამის დეპარტამენტს, მოითხოვოს უკანონოდ დაკავების დადასტურება. მისი საჩივარი დაახლოებით 1 თვეში განიხილება.

შსს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარს რომ იტყვის, შემდეგ შეუძლია მიმართოს სასამართლოს. სასამართლო მისი საქმის განხილვას მოანდომებს 1 წლიდან 5 წლამდე პერიოდს, ან უფრო მეტს.

სასამართლომ მისი მოთხოვნა რომც დააკმაყოფილოს, კომპენსაციას მიიღებს 70-დან 150 ლარამდე ოდენობით.

ეს მონაცემები ეყრდნობა დაკავების კანონიერების საკითხზე არსებულ პრაქტიკას, რომელიც წლების განმავლობაში სასამართლოში მკვიდრდებოდა.

იმ პირობებში, როდესაც დაკავების კანონიერების შემოწმების ეფექტიანი გზა არ არსებობს (ამაზე საკონსტიტუციო სასამართლოს საიამ ორჯერ მიმართა, მაგრამ არცერთხელ არ მიიღო საქმე განსახილველად), რა დააბრკოლებს პოლიციას, რომ ,,პრევენციული დაკავება” თვითნებურად განახორციელოს?

გარდა ამისა, თავისთავად, პრევენციული დაკავება თავისი არსით არის სრული აბსურდი. პირს არ შეიძლება შეეზღუდოს თავისუფლება პოლიციელის ვარაუდების საფუძველზე. არსებული ჩანაწერი სწორედ ვარაუდების საფუძველზე დაკავებას აკანონებს“, – წერს ქურდოვანიძე.

„ოცნების“ მიერ მიღებული კანონით, გაიზარდა ჯარიმები მთელ რიგ სამართალდარღვევებზე, მათ შორის, იერსახის დამახინჯებაზე, ვანდალიზმზე, შეკრებისა და მანისფესტაციების კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევაზე, სატრანსპორტო საშუალებით გზის გადაკეტვაზე; ფართოვდება ადმინისტრაციული წესით დაკავების საფუძველი, პირის დათვალიერების და საბუთების შემოწმების წესები.