შსს: აფეთქების მიზეზების დასადგენად, გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები

პუბლიკა

ბოჭორმის ქუჩაზე „ბეთლგრაუნდის” სასროლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შსს-ს ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა შემთხვევის ადგილიდან ორი გარდაცვლილი და ოთხი დაშავებული გამოიყვანეს, რომელთაგან ერთი კლინიკაში გარდაიცვალა, გარდაცვლილი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია.

დაშავებული სამი პირიდან ორი შსს-ს თანამშრომელია, ხოლო ერთი მაღაზია “ბეთლგრაუნდის” თანამშრომელი.

უწყებამ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო-ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

შემთხვევის ადგილზე მუშაობას აგრძელებენ, ექსპერტ-კრიმინალისტები, გამნაღმველები და სხვა შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები.

უწყების ცნობით, აფეთქების მიზეზების დასადგენად, გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.