შსს ალიევისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტის ექსტრადიციას გეგმავს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ალიევისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტის ექსტრადირებას გეგმავს. სამართალდამცველებმა აფგან სადიგოვი დღეს თბილისში დააკავეს.

უწყების განცხადებით, სადიგოვი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ მუქარისა და გამოძალვის ფაქტზე იძებნებოდა და დააკავეს ექსტრადირების მიზნით.

თავად ჟურნალისტი რამდენიმე დღის ამბობდა, რომ საქართვრლოდან გასვლა უნდოდა და 18 ივლისს აეროპორტში მივიდა, იქ კი განუცხადეს, რომ ქვეყნის დატოვებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებდა, თუ ბაქოსკენ აიღებდა გეზს. მაშინ სადიგოვი არ დაუკავებიათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სადიგოვის ადვოკატი დიმიტრი ნოზაძე მივიდა. მისი თქმით, ჟურნალისტი ამჟამად დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება, პროკურატურა კი ექსტრადიციის საქმეზე პატიმრობის შუამდგომლობის დაყენებას ხვალისთვის გეგმავს.

სადიგოვი „რადიო თავისუფლებასთან“ ამბობდა, რომ ის აზერბაიჯანში თავისი საქმიანობის გამო იდევნებოდა. ჟურნალისტი ბაქოში ორჯერ დააპატიმრეს. ციხიდან გამოსვლის შემდეგ კი, მისი თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციის დახმარებით თბილისში სამკურნალოდ ჩამოვიდა. მან „რადიო თავისუფლებას“ უთხრა, რომ თავს უსაფრთხოდ არც აქ გრძნობდა და ქვეყნის დატოვება უნდოდა.

„განცხადება შევიტანეთ, იქნებ დაგვეხმარონ მესამე ქვეყანაში გასვლაში. გამოვიდა ადამიანი საელჩოდან, ვუთხარით, რატომ ვართ მოსულები, მივეცით წერილი, სადაც წერია, რომსაქართველოში ყოფნა ჩვენთვის უსაფრთხო აღარაა და დაგვეხმარონ რომელიმე მესამე ქვეყანაში წასვლაში. აქ ძალიან გვეშინია. არ ვიცი, რა მოხდება ერთი წუთის ან ერთი საათის შემდეგ“, – უთხრა გამოცემას აფგან სადიგოვმა.