შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ნგრევის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 2 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთი პირი დაშავდა – ის კლინიკაშია გადაყვანილი.
„ამ დროისთვის დაზუსტებული ინფორმაციით, მომხდარი ნგრევის შედეგად, გარდაიცვალა 2 ადამიანი, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო ერთმა პირმა, რომელიც შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით გადაყვანილია სტაციონარში.
ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები უწყების სხვა დანაყოფების თანამშრომლებთან ერთად, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ ძებნა-შველის ღონისძიებებს. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, შემოსაზღვრულია ტერიტორია”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.