შსს აქციაზე: კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება

პუბლიკა
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს დღეს თბილისში დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ „კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ აქციასთან დაკავშირებით შესაბამისი საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლები დედაქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა ადგილზე არიან მობილიზებულნი.

„საზოგადოების უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლები, მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს, თბილისში დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, დედაქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა ადგილზე არიან მობილიზებულნი.
მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილე პირებს, შეკრება-მანიფესტაცია გამართონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაემორჩილონ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას და არ შეუშალონ ხელი სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებაში.
კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“, – წერია განცხადებაში.

დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად, 16:00 საათიდან თბილისში საპროტესტო აქციაა დაანონსებული.