შინაგან საქმეთა სამინისტროში პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა. მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძის თქმით, მას შემდეგ, რაც სრულად მოხდა პარლამენტის შენობის დატოვება და აღარ არსებობდა დეპუტატებზე ინდივიდუალური თავდასხმების რისკი, სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება ეტაპობრივად გაეთავისუფლებინა დაკავებული ტერიტორია და პროტესტის მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, მშვიდ გარემოში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოეხატათ პროტესტი და გაეგრძელებინათ აქცია.
„მიუხედავად სამინისტროს მხრიდან გაკეთებული არაერთი მოწოდებისა და გაფრთხილებისა, რომ აქციის მონაწილეებს მშვიდ ვითარებაში გამოეხატათ პროტესტი და არ განეხორციელებინათ ძალადობრივი ქმედებები, აქციის მონაწილეთა ჯგუფი ძალადობით ცდილობდა ჩიტაძის მხრიდან არსებული პარლამენტის შესასვლელის რკინის კარის დაზიანებას.
მიუხედავად პოლიციის და ასევე, თავად აქციის სხვა მონაწილეების არაერთი მოწოდებისა, ძალადობრივი ჯგუფები აგრძელებდნენ საკანონმდებლო ორგანოს კარის დაზიანებას და ცდილობდნენ უნებართვოდ შეღწევას პარლამენტის ტერიტორიაზე.
პოლიციამ კანონით დადგენილი წესით გამოიყენა სპეციალური საშუალება – წყლის ჭავლი, თუმცა აქციის მონაწილეებმა დაიწყეს ჩიტაძის ქუჩაზე არსებული სამშენებლო დამცავი ბარიერების დემონტაჟი და მისი მეშვეობით ცდილობდნენ პარლამენტის შესასვლელი კარის დაზიანებას.
ვინაიდან აშკარად იყო გამოკვეთილი ძალადობრივი ხასიათის ქმედებები, მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიყენა კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებები, ცრემლსადენი გაზი და ე.წ. წიწაკის სპრეი.
საზოგადოება სხვადასხვა ტელეარხების პირდაპირი ეთერების საშუალებით ადევნებს თვალს, რომ აქციის მონაწილეები ძალადობრივი ქმედებებით, სხვადასხვა ნივთებისა და კონსტრუქციების გამოყენებით, ასევე, გაურკვეველი წარმოშობის ცრემლსადენი აირის გამოყენებით ცდილობენ პარლამენტის შენობაში შეჭრას და ახორციელებენ თავდასხმებს პარლამენტის შენობის ეზოში მყოფ პოლიციელებზე.
აღნიშნული ძალადობრივი ქმედებების შედეგად, ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელმა.
ბოლო 2 დღის განმავლობაში, აქციის მონაწილეთა მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი თავდასხმების შედეგად, დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 7 თანამშრომელი, აქედან ერთს გაუკეთდა ოპერაცია და ამ დრომდე რჩება სამედიცინო დაწესებულებაში.
გარდა ამისა, აქციის მონაწილეები სხვადასხვა მძიმე საგნებს, მათ შორის, ბოთლებს და ქვებს, ცრემლსადენ აირს და მხუთავ აირებს ესვრიან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შენობის ეზოში, სადაც განთავსებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები.
საზოგადოებამ კარგად იხილა, როგორ აზიანებდა აქციის ერთ-ერთი მონაწილე ადმინისტრაციულ შენობაზე განთავსებულ ვიდეო სამეთვალყურეო კამერას. კიდევ ერთხელ, მოვუწოდებთ პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებისგან.
ასევე, შეწყვიტონ პარლამენტის შენობაზე თავდასხმა და მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული ინფრასტრუქტურის დაზიანება. საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს განვაცხადოთ, რომ პოლიცია პარლამენტის შენობაზე თავდასხმის მოსაგერიებლად იყენებს კანონით დადგენილ სპეციალურ საშუალებებს, კერძოდ – წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზსა და წიწაკის სპრეის.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, მიუხედავად იმისა, რომ სრული სამართლებრივი საფუძველი ჰქონდათ, არ გამოუყენებია რეზინის ტყვიები.
უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად იმისა , რომ აქცია არის ძალადობრივი ხასიათის შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე, არ განუხორციელებია აქციის შეწყვეტისთვის საჭირო ღონისძიებები, კერძოდ, ე.წ. რობოკოპების მეშვეობით ტერიტორიის გაწმენდა, შესაბამისად სრულიად გაუგებარია, ზოგიერთი ტელეარხის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აქციის მონაწილეები ცდილობენ სამართალდამცველებისგან თავის დაცვას, მაშინ როცა ამ დროისთვის სამართალდამცველები იმყოფებიან პარლამენტის შიდა ტერიტორიაზე და ცდილობენ პარლამენტის შენობაში უნებართვო შეჭრას”, – აცხადებს შსს.