შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეების სავარაუდო ძალადობის გამო პოლიციელი დაშავდა.
უწყების ცნობით, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
უწყების განცხადებით, „ადგილზე მყოფი აქციის მონაწილეების მიმართ გაკეთებული არაერთი მოწოდებისა, რომ პროტესტი გამოხატონ მშვიდობიან ფორმებში და არ გასცდნენ შეკრება-მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს, შეკრებილთა ნაწილი, სამართალდამცველებს უპირისპირდება და მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს”.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის წევრებს, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან და პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილი ნორმების შესაბამისად”. – აცხადებს შსს.
რუსთაველის გამზირზე ანტირუსული საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები თვითორგანიზებულად შეიკრიბნენ პარლამენტის წინ, ნაწილი კი „ქართული ოცნების” ოფისთან მას შემდეგ, რაც მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებებს აჩერებს. პარტიის ოფისთან შეკრებილებმა რამდენიმე საათში გადაინაცვლეს რუსთაველის გამზირზე.
განახლება:
01:15-ზე შსს-მ განაცხადა, რომ დაშავებულია 3 პოლიციელი, მათგან 2 გადაყვანილია საავადმყოფოში.
შსს-მ მოქალაქეების მიმართ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და სპრეი. დაშავდა რამდენიმე ადამიანი.
უწყება განცხადებაში არაფერს ამბობს დაკავებულებზე, ასევე, დაშავებულ დემონსტრანტებზე.