შსს აქციის ორგანიზატორებს მოუწოდებს, შეწყვიტონ პარლამენტის შენობის შესასვლელების ბლოკირება

პუბლიკა

შსს სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და აქციის ორგანიზატორებს მოუწოდებს, შეწყვიტონ პარლამენტის შენობის შესასვლელების ბლოკირება.

„პოლიცია მოწოდებულია დაიცვას, როგორც მოქალაქეების მშვიდობიანი შეკრების უფლება, ასევე უზრუნველყოს საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს შეუფერხებელი საქმიანობა. შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრო
მოუწოდებს რუსთაველის გამზირზე შეკრებილ პოლიტიკური პარტიების ლიდერებს და აქციის ორგანიზატორებს შეწყვიტონ პარლამენტის შენობის შესასვლელების ბლოკირება, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია და არ გასცდნენ მშვიდობიანი
შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს.

კიდევ ერთხელ  მივმართავთ პარლამენტის წინ აქციის ორგანიზატორებსა და აქციის მონაწილეებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. ადმინისტრაციული ორგანოების შტურმის ან ბლოკირების გაგრძელების მცდელობის შემთხვევაში, პოლიცია, კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში, მოახდენს შესაბამის რეაგირებას.”