შინაგან საქმეთა სამინისტრო ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაში აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს ჩართვის მზადყოფნას გამოთქვას. როგორც „პუბლიკას“ უწყებაში განუცხადეს, შსს ამ თემაზე თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატსაც დაუკავშირდა.
„სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას აღნიშნულ პროცესში ამერიკის საგამოძიებო ბიუროსთან თანამშრომლობის შესახებ და ამ მიზნით დღეს ოჯახს შეხვედრა შესთავაზა“, – აცხადებენ უწყებაში.
დღეს თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებმა მათი შვილის საქმეში FBI-ის ჩართვის მოთხოვნით აშშ-ის საელჩოსთან აქცია გამართეს.
„FBI-ის ჩართვას ვითხოვ იმიტომ, რომ უკვე დარწმუნებული ვარ, მთლიანად წაშლილია დნმ-ის კვალი მანქანიდან, ასევე წაშლილი იქნება ფაილები კომპიუტერიდან. მგონია, რომ ამ მასალებს FBI-ის გარეშე ვერავინ აღადგენს და ვითხოვ მათ ჩართვას“, – თქვა აქციაზე თამარ ბაჩალიაშვილის დედამ თეონა თამაზაშვილმა.
თეონა თამაზაშვილის თქმით, ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა FBI-ის სპეციალისტების ჩართვა ოფიციალურად მოითხოვა. აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელმა კი განუცხადა, რომ გამოძიებაში ამერიკული საგამოძიებო სამსახურების ჩართვა სახელმწიფომ უნდა მოითხოვოს.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი სახლიდან 18 ივლისს გავიდა და მას შემდეგ გაუჩინარდა. ის პოლიციამ დაკარგვიდან 5 დღის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში თავისსავე მანქანაში გარდაცვლილი იპოვა. პოლიციამ თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაწყებულ გამოძიებას ამის შემდეგ თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც დაუმატა.
თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები მიიჩნევენ, რომ მათი შვილი თავს არ მოიკლავდა და თამარ ბაჩალიაშვილი, სავარაუდოდ, მოკლულია.