შსს კლუბ „ბასიანთან“ სამი პირის დაჭრის ფაქტზე აცხადებს, რომ დაკავებულია 1980 წელს დაბადებული ბ.ჩ. ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვა-ტარების ბრალდებით, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 12 იანვარს, კლუბი „ბასიანის“ შესასვლელთან ცეცხლასროლი იარაღიდან განახორციელა რამდენიმე გასროლა, რის შედეგადაც ჭრილობები მიაყენა 3 პირს – 1993 წელს დაბადებულ თ.ა.-ს, 1987 წელს დაბადებულ ბ.ჭ.-ს და 1995 წელს დაბადებულ დ.ც.-ს, რის შემდეგაც ადგილიდან მიიმალა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – აცხადებს შსს.
უწყების ინფორმაციით, ბრალდებული თავისივე საცხოვრებელ სახლთან დააკავეს და მისი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია „დანაშაულის ჩადენის ცეცხლსასროლი იარაღი, 6 დანა და 23 საბრძოლო ვაზნა“.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვა-ტარებას გულისხმობს.