შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 2009 წელს დაბადებული დ.გ. დააკავეს.
„გამოძიებით დგინდება, რომ 2025 წლის 15 სექტემბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან მსვლელობით წამოსული ოცდაათამდე აქტივისტი რუსთაველისა და ბესიკის ქუჩის კვეთაზე სიტყვიერად დაუპირისპირდა რამდენიმე მოქალაქეს, რომელთაგან ერთ-ერთმა მოახდინა პისტოლეტის დემონსტრირება, რის გამოც აქციის ორი მონაწილე გაეკიდა მას.
აღნიშნული პირი შევიდა ბესიკის ქუჩის მიმდებარედ არსებულ კაფეში, სადაც აქტივისტებმა შებოჭეს და წაართვეს იარაღი, რომელიც პირველადი დათვალიერებით, სავარაუდოდ, არის პნევმატური პისტოლეტი.
ხსენებული პირი და წართმეული იარაღი აქტივისტებმა გადასცეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
შსს-ს ცნობით, დანაშაული 7 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობიდან წამოსული მარშის მონაწილეები ამბობენ, რომ მათ რამდენიმე ადამიანი დაესხა თავს, ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რაც შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
აქტივისტი მარიამ მეყანწიშვილი „პუბლიკასთან” ამბობს, რომ, დაახლოებით, 6 ადამიანი იყო და ფიზიკური დაპირისპირების დროს ერთ-ერთ მათგანს, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი ამოუვარდა.