შსს: ბოლნისში ავარიის შემდეგ დაპირისპირების შედეგად მოქალაქეები და პოლიციელები დაშავდნენ

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინსტრო ბოლნისის სოფელ ნახიდურში მომხდარ ავარიასა და შემდეგ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ავრცელებს.

კერძოდ, უწყების ცნობით, მას შემდეგ, რაც ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის შედეგად 2 არასრულწლოვანი გარდაიცვალა, ადგილზე ადგილობრივი მოსახლეობა შეიკრიბა და ვითარება დაიძაბა.

მარნეული-ბოლნისის გზატკეცილზე, სოფელ ნახიდურში მსუბუქი ავტომობილი ორ ფეხით მოსიარულე მოზარდს დაეჯახა.

ერთ-ერთი მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი საავადმყოფოში.

შსს წერს, რომ „დაპირისპირება მოხდა როგორც ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს, ასევე, მოქალაქეებსა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით ადგილზე მყოფ სამართალდამცველებს შორის”.

უწყების თანახმად, შეკრებილებმა გადააბრუნეს როგორც შეჯახებაში მონაწილე მანქანა, ასევე, სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადის ავტომობილი. ასევე, მათ დააზიანეს და ფანჯრები ჩაუმსხვრიეს ადგილზე მყოფი სხვა მოქალაქეების ავტომობილებს.

შსს წერს, რომ შეკრებილები ავარიაში შემთხვევაში მონაწილე მანქანი მგზავრებს გადაადგილების შესაძლებლობას არ აძლევდნენ, ასევე, სამართალდამცველებს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაში უშლიდნენ ხელს, ამასთან, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ.

„სიტუაციის დეესკალაციის მიზნით, შემთხვევის ადგილზე მყისიერად გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, მათ შორის საპატრულო, კრიმინალური და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების თანამშრომლები.

დაპირისპირების შედეგად, სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელმა და დაშავდა 8 მოქალაქე, რომლებსაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ. ნაწილი მათგანი ამ დრომდე რჩება სამედიცინო დაწესებულებებში”. – აცხადებს შსს.