შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბოლო 3 დღის განმავლობაში აქციის 60 მონაწილე დააკავეს ადმინისტრაციული წესით. უწყება დაკავებულების ინიციალებს ავრცელებს: გ.ლ.,ზ.ს., მ.ბ., ვ.ჩ., ბ.ქ., გ.მ., ა.გ., ი.გ., გ.ლ., ნ.ლ., ზ.ც., ნ.ლ., დ.მ., დ.ჭ., ნ.ს., ს.რ., ლ.ს., რ.მ., ლ.ბ., ა.გ., გ.ხ., ნ.გ., ი.კ., ზ.მ., თ.კ., ი.ვ., ლ.ბ., ნ.ნ., ნ.ბ., დ.ა., ი.ხ., ნ.ნ., თ.გ., ვ.გ., გ.ე., მ.ტ., თ.ტ., ლ.შ.,ი.კ., ი.ღ., დ.ტ., ბ.მ., ნ.კ., ი.დ., გ.ჯ., გ.მ., ა.შ., თ.კ., ა.ჯ., ვ.ჯ., ლ.ა., თ.ლ., კ.კ., გ.ს., ნ.შ., შ.ბ., ლ.გ., ა.ლ., ნ.პ. და გ.ს.
შსს აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, „თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებისგან“:
„მიუხედავად იმისა, რომ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეებს არაერთხელ მოუწოდეს, არ ჩაედინათ კანონსაწინააღმდეგო ქმედება, რადგან მათი რაოდენობა არ იძლეოდა გზის გადაკეტვის კანონიერ უფლებას, დემონსტრანტები სამართალდამცველთა მოწოდებას არ დაემორჩილნენ, კვლავ გადაკეტეს ტრანსპორტის სავალი ნაწილი და შეაფერხეს მოძრაობა.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ გატარდება კანონით გათვალისწინებული ზომები“.
წინ კვირას „ოცნების“ პარლამენტმა პროტესტის შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო. პაკეტს დაჩქარებული წესით განიხილავდნენ. ცვლილების მიხედვით, აქციაზე სახის დაფარვა, გზის გადაკეტვა, დროებითი კონსტრუქციის მოწყობა, ცრემლმდენი საშუალებების ფლობა, ხალხის ან ტრანსპორტის გადაადგილებისთვის განზრახ დაბრკოლების შექმნა 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას გამოიწვევს.
60 დღემდე პატიმრობა წესდება თუ აქციის მონაწილეები იქონიებენ ცეცხლსასროლ იარაღს, ადვილად აალებად ნივთიერებას, ცივ იარაღს ან პიროტექნიკას; ისეთ საგანს ან ნივთიერებას, რომელიც გამოიყენება აქციის მონაწილეთა ან სხვა პირთა ჯანმრთელობის დასაზიანებლად; იმგვარ აქციაში მონაწილეობა, რომელიც შსს-ს მოთხოვნით შეწყდა;
ზემოთ აღწერილი ქმედებების განმეორებით, ერთი წლის განმავლობაში ხელმეორედ დარღვევის შემთხვევაში ქმედება სისხლის სამართლის წესით დაისჯება.ასევე სისხლის სამართლის წესით დაისჯება პოლიციის მოთხოვნის მესამედ დაუმორჩილებლობა.