შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად, ბოლო 48 საათის განმავლობაში, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია 75 პირი, მათ შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
შსს-ს ცნობით, დაკავებულებს ბრალად ედებათ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვა, რეალიზაცია და რეალიზაციის ხელშეწყობა.
„მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების, კერძოდ – აუდიო და ვიდეო ჩაწერის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ დაკავებულ პირთა უმრავლესობა ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას სისტემატურად ახდენდა, ისინი რეალიზაციისთვის სხვადასხვა გზებსა და მეთოდებს მიმართავდნენ.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, ავტომობილებისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული, დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება, მათ შორის: „კოკაინი”, „ჰეროინი“, „ალფა პვპ“, „მდმა“, „მეთადონი“, ,,სუბოტექსი”, „ბუპრენორფინი“, „პრეგაბალინი“, „ლირიკა“ და „მარიხუანა”.
პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღები, ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისათვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერცია, 260-ე კვარტა და 261-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.