შსს: ბორჯომის ხეობაში ხანძრის ლოკალიზების სამუშაოებში 4 ვერტმფრენი ჩაერთო

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბორჯომის ხეობაში, დაბა ახალდაბას მიმდებარედ ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის პროცესში დღეს დილიდან სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი ჩაერთო.

უწყების ცნობით, რთული რელიეფის გამო, ხანძრის კერასთან სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეყვანა ვერ ხერხდება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები ბორჯომის ხეობაში, დაბა ახალდაბას მიმდებარედ ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზების სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობენ. ცეცხლის ქრობის პროცესში დღეს დილიდან სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი ჩაერთო.

მეხანძრე-მაშველების მიერ სალოკალიზაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. რთული რელიეფის გამო, ხანძრის კერასთან სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეყვანა ვერ ხერხდება.

ხანძრის ქრობის პროცესში თბილისის, სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის სახანძრო-სამაშველო განყოფილებების 150 მეხანძრე-მაშველი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის რეინჯერები არიან ჩართულნი. საჭიროების შემთხვევაში, პროცესში სხვა ტერიტორიული ადმინისტრაციების რეინჯერებიც შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობით ჩაერთვებიან.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ სპეციალური საველე შტაბი მოეწყო, საიდანაც ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოების კოორდინაცია მიმდინარეობს. ხანძრის მონიტორინგი კი დრონების საშუალებით ხორციელდება”, – ნათქვამია განცხადებაში.