შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ დააკავეს სხვადასხვა ნეონაცისტური დაჯგუფებისა და ფაშისტური იდეოლოგიის მხარდამჭერი 13 პირი. დაკავებულთაგან 7 არასრულწლოვანია.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დაკავებულები განსაკუთრებული სისასტიკით, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ სხვადასხვა ასაკის პირებზე.
სირაძის ცნობით, ასევე, დამატებითი ბრალდება წარედგინა უკვე დაკავებულ 4 პირს.
„დადგინდა, რომ ძალადობრივი დაჯგუფებების წევრები თავს მოიხსენიებდნენ ნეონაცისტებად და ხელმძღვანელობდნენ ფაშისტური იდეოლოგიით.
ცნობადობის მოხვეჭის, ფაშისტური იდეოლოგიის პოპულარიზაციისა და ნეონაცისტური ქსელის წარმომადგენლების გავლენების გაზრდის მიზნით, ისინი რადიკალურ დამოკიდებულებას იჩენდნენ მსხვერპლთა მიმართ და განსაკუთრებული სისასტიკით, სხვადასხვა ბლაგვი და ბასრი საგნის გამოყენებით, მათ შორის ხელკეტებითა და ე.წ. კასტეტებით, ძალადობდნენ სამიზნე ობიექტებზე. განსაკუთრებით სასტიკად უსწორდებოდნენ მათ, ვინც ფაშისტურ იდეოლოგიას არ იზიარებდა.
გარდა ამისა, მსხვერპლზე თავდასხმების დროს რადიკალური დაჯგუფების წევრები მათ ძარცვავდნენ და გარკვეული რაოდენობის თანხებს სძალავდნენ.
დაჯგუფებების წევრები მსხვერპლთა მიმართ ძალადობის, წამების, ღირსების შემლახველი ქმედებების, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ამსახველ ფოტო-ვიდეომასალას მობილური ტელეფონით იღებდნენ და სხვადასხვა ინტერნეტ პლატფორმაზე მიზანმიმართულად აქვეყნებდნენ.
აღსანიშნავია, რომ ინტერესთა კონფლიქტისა და უთანხმოების საფუძველზე, სხვადასხვა ნეონაცისტური დაჯგუფების წევრები ერთმანეთსაც სასტიკად უსწორდებოდნენ, რაც დასტურდება მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებით.
აღნიშნული ძალადობრივი ქმედებების შედეგად, დაზარალებულია ათამდე პირი, მათ შორის – 2 არასრულწლოვანი“, – განაცხადა სირაძემ.
მისივე თქმით, ჩხრეკის დროს ამოიღეს ცეცხლსასროლი, ხმოვანი და ცივი იარაღები, ნაცისტური სიმბოლიკის ნივთები, მობილური ტელეფონები, ნიღბები და სხვადასხვა ელექტრონული ტექნიკა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე პრიმა, 225-ე, 178-ე, 181-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, ჯგუფურად ჩადენილ წამებას, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებას, ძალადობის ორგანიზებას, ძარცვასა და გამოძალვას გულისხმობს – დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ვაჟა სირაძის ინფორმაციით, „რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების რამდენიმე ლიდერი ანალოგიური ბრალდებით სასჯელს უკვე იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში, რომლებიც სამართალდამცველებმა რამდენიმე თვის წინ დააკავეს. მათთან ერთად, ასევე, დაკავებულია სხვადასხვა ნეონაცისტური დაჯგუფების კიდევ 24 წევრი.“