შსს: დაკავებულია ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 72 პირი

პუბლიკა

შსს-ს ინფორმაციით, აჭარაში ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 72 პირი დააკავეს, ხოლო 5 პირს ბრალი წარუდგინეს. დაკავებულებს შორის 3 ქალია. ამის შესახებ დღეს გეკა გელაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 72 პირი დააკავეს. კიდევ 5 პირს ბრალი წარედგინა, ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს დაუსწრებლად, მათ შორის, ე.წ კანონიერ ქურდს. დაკავებულებს ბრალად ედებათ, ქურდული სამყაროს წევრობა, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა, ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა, ქურდული სამყაროს წევრისათვის მიმართვა და კანონიერი ქურდობა” –  განაცხადა გეკა გელაძემ.

სამინისტროს ცნობით, გამოძიება სსკ 223-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 223-ე ტერცია მუხლის მეორე ნაწილით, 223-ე სეკუნდა და 223-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

„სამართალდამცველების მიერ, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დადგინდა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირები აწყობდნენ ქურდულ გარჩევებს და გამოჰქონდათ ე.წ ქურდული გადაწყვეტილებები. დაკავებულები ე.წ ქურდული გარჩევების და შეკრებების დროს უკავშირდებოდნენ ქურდული სამყაროს წარმომადგენელს, მათ შორის, კანონიერ ქურდს, ასლან ქობულაძეს და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, ე.წ ქურდული წესების შესაბამისად, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური და სხვა კრიმინალური სახის დავებზე იღებდნენ გადაწყვეტილებებს, რის შემდეგაც, მხარეეებს თანხის გადახდას აკისრებდნენ. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი, ფიზიკური ანგარიშწორებითა და სიცოცხლის მოსწპობით ემუქრებოდნენ” – თქვა გეკა გელაძემ.

ბრიფინგზე გეკა გელაძემ ასევე განმარტება გააკეთა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სპეცოპერაციის დროს დაშავებული ქალის შესახებ და თქვა, რომ „არანაირ დაჭრის ფაქტს ადგილი არ ჰქონია”:

„საპოლიციო ღონისძიების დროს გახდა აუცილებელი, რომ მოქმედებაზე გადასულიყო სპეც.დანიშნულების რაზმი და შესაბამისად, ფანჯრის ერთ-ერთი მინის ნამსხვრევებისგან მიიღო ქალბატონმა მცირედი დაზიანება”

გამოცემა „ბათუმელებთან” ინტერვიუში დაშავებული ქალიც და მისი ოჯახიც გამოძიების დაწყებას და ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს. ქალი ამბობს, რომ მას  მინის ნამსხვრევისგან მიღებული დაზიანება არ აქვს და ის დაჭრეს.

„ბათუმელების” ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან ძმები რეზო და ფირუზ წულუკიძეები, რომლებიც 2021 წელს რიონის ხეობაში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს, რასაც ძმები არ ეთანხმებოდნენ. 2024 წელს ისინი სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა.