შსს: დაკავებულმა ძმებმა პირზე ჯერ ფიზიკურად იძალადეს, შემდეგ სანადირო თოფით მოკლეს

პუბლიკა

ავლაბარში, 50 წლამდე ასაკის კაცის მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2 პირი დააკავა.

შსს-ს ცნობით, დაკავებულები ძმები არიან. მათ ბრალად ედებათ ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობა. ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების თქმით, დაკავებულებმა მოკლულზე ჯერ ფიზიკურად იძალადეს, შემდეგ კი ის სანადირო თოფით მოკლეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი ორი პირი, ძმები: 1987 წელს დაბადებული ე.ბ. და 1985 წელს დაბადებული კ.გ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მიმდინარე წლის 11 თებერვალს, თბილისში, ნაცნობზე – 1977 წელს დაბადებულ ფ.კ. – ზე მათ შორის არსებული უთანხმოების ნიადაგზე, მისსავე საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, ჯერ ფიზიკურად იძალადეს, შემდეგ კი ის სანადირო თოფიდან გასროლით მოკლეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულები ცხელ კვალზე დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – გადაჭრილი სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო“, – ნათქვამია განცხადებაში.

დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის ჯგუფურად, უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.