„ოცნების“ შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ „დარიალზე“ მყოფი მოქალაქეების დასაბრუნებლად საქართველომ უკრაინას რამდენიმე მექანიზმი შესთავაზა.
უწყების ცნობით, შეთავაზებული იყო როგორც საჰაერო, ასევე საზღვაო გზით დაბრუნების ვერსიები.
„საზღვაო გზით დაბრუნებაზე უკრაინული მხარე ჯერჯერობით თავს იკავებს და ამ დრომდე მათი გაყვანის შესახებ კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიუღიათ. თუმცა, ამ პირთა სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნების მექანიზმზე შეჯერებასთან, მათ შორის მათი საჰაერო გზით გადაყვანასთან დაკავშირებით, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს ერთობლივი კონსულტაციები. ვიმედოვნებთ, რომ უკრაინული მხარე დროულად მიიღებს გადაწყვეტილებას საკუთარი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამავე განცხადებაში უწყება კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ უკრაინის მოქალაქეებს არ აქვთ ვალიდური დოკუმენტები და აქვთ ნასამართლეობის ისტორია, რის გამოც ისინი საქართველოში არ შემოუშვეს.
რუსეთის მიერ დეპორტირებული თითქმის 60 უკრაინელი რუსეთ-საქართველოს საზღვარზეა ჩარჩენილი. ისინი იძულებულები არიან, სარდაფის ტიპის სივრცეში იცხოვრონ, გარეთ გასვლის უფლების გარეშე.
მათ შორის არიან როგორც ყოფილი პატიმრები, რომლებიც რუსეთმა უკრაინის ციხეებიდან რუსულ კოლონიებში გადაიყვანა, ასევე უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები.
ერთადერთი გამოსავალი უკრაინაში საქართველოსა და მოლდოვის გავლით დაბრუნებაა. თუმცა, როგორც BBC წერს, ივლისის დასაწყისიდან ეს მარშრუტიც დაკეტილია.
BBC-ის ცნობით, ივნისში, დაახლოებით 30-მა ადამიანმა დატოვა საზღვარი ამ მარშრუტით. უკრაინის მოქალაქეობის დადასტურების შემდეგ, საქართველომ მათ ტრანზიტის უფლება მისცა.
ისინი ესკორტის თანხლებით გადაიყვანეს თბილისის აეროპორტში, საიდანაც კიშინიოვში გაფრინდნენ, შემდეგ კი ავტობუსით ოდესაში გაემგზავრნენ.
გამოცემა წერს, რომ მომდევნო ჯგუფს აცნობეს, რომ მათ შეშვებაზე მოლდოვამ უარი თქვა.