შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძელზე, 5 პირი დააკავეს.
დაკავებულია ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი და ერთ-ერთი ფაკულტეტის დეკანი, მამუკა ჯორბენაძე და ასევე 4 სტუდენტი.
ასევე დაკავებულები არიან 2004 წელს დაბადებული გურამ მიქელაძე, 2003 წელს დაბადებული დავით გვიანიძე, 2002 წელს დაბადებული გიორგი დავითაძე და 2004 წელს დაბადებული ანდრო კაკაბაძე.
შსს-ის მტკიცებით:
„3 დეკემბერს, ბათუმში გამართული საპროტესტო აქციის ფარგლებში, აქციის მონაწილეთა ჯგუფი ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში შევიდა რექტორის სამუშაო ოთახთან ბანერის გაკვრის მიზნით, აღნიშნულის საშუალება არ მისცა ამავე უნივერსიტეტის ლექტორმა, 1981 წელს დაბადებულმა თ.ც.-მ. რის გამოც, ამავე უნივერსიტეტის დეკანმა – 1978 წელს დაბადებულმა მამუკა ჯორბენაძემ თ.ც.-ს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა”.
შსს ასევე ამტკიცებს, რომ:
„1978 წელს დაბადებული მამუკა ჯორბენაძე. და მისი სტუდენტები მოგვიანებით თ.ც.-ს მეუღლეს – 1975 წელს დაბადებულ ი.დ.-ს და მის მეგობარს – 1977 წელს დაბადებულ ი.ნ. -ს უნივერსიტეტის შენობაში ფიზიკურად გაუსწორდნენ. პოლიციამ ბრალდებულები მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა“, – ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.