შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დააკავეს გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი დარჩო ხეჩუაშვილი.
ხეჩუაშვილს 18-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად 2019 წელს მიესაჯა.
შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დარჩო ხეჩუაშვილი საზღვარზე დააკავეს მაშინ, როცა საქართველოში შემოდიოდა.
მისი განცხადებით:
„2024 წლის 19 სექტემბერს, თურქეთ-საქართველოს საზღვარზე სასაზღვრო სექტორ „კარწახის“ დასაცავ მონაკვეთზე დამონტაჟებული დაკვირვების ტექნიკური საშუალებებით დაფიქსირდა პიროვნება, რომელმაც უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.
სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა იგი გადამოწმების მიზნით შეაჩერეს.
აღნიშნული პირი საქართველოს ტერიტორიაზე თურქეთის რესპუბლიკიდან შემოდიოდა. სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტზე გამოძიება სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.
საზღვარზე შეჩერებულ პიროვნებას თან არ ჰქონდა პიროვნების დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტაცია, შესაბამისად, ის იდენტიფიცირების მიზნით მესაზღვრეების მიერ გადაყვანილ იქნა სასაზღვრო სექტორის ადმინისტრაციულ შენობაში.
სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების შეცდომაში შეყვანის მიზნით, დ.ხ. საკუთარი სახელისა და გვარის დასახელების ნაცვლად ასახელებდა სხვა სახელსა და გვარს. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების მიერ, გამოძიების ფარგლებში მოხდა შეჩერებული პირის პირველადი იდენტიფიცირება და შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო მონაცემების ბაზების მიხედვით დადგინდა, რომ საზღვარზე შეჩერებული პირი არის 2016 წლიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხოლო 2017 წლიდან ინტერპოლის მიერ, საერთაშორისო დონეზე წითელი ცირკულარით სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე, 236-ე და 187-ე მუხლების შესაბამისად ძებნილი – დ.ხ.
ასევე, გამოძიების ფარგლებში, საზღვარზე შეჩერებული პირის მიმართ დაინიშნა და ჩატარდა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა, რომელმაც ასევე დაადასტურა, რომ 19 სექტემბერს, სასაზღვრო სექტორ „კარწახზე“ შეჩერებული პირი, ნამდვილად არის დ. ხ”.
2016 წლის 4 ოქტომბერს, თბილისის ცენტრში, „ნაციონალური მოძრაობის“ მაშინდელი დეპუტატის, გივი თარგამაძის მანქანა ააფეთქეს.
თარგამაძე სიკვდილს გადაურჩა. აფეთქების შედეგად, დაშავდა 7 ადამიანი და დაზიანდა არაერთი ავტომობილი.
გივი თარგამაძე დამოუკიდებლადაც აწარმოებდა გამოძიებას.
2017 წელს მან განაცხადა, რომ შედეგად გაირკვა, რომ მისი აფეთქება ერთობლივად დაგეგმეს ქართულმა და რუსულმა სპეცსამსახურებმა. თარგამაძის თქმით, ამ ტერორისტული აქტის შემსრულებელი სამკაციანი ჯგუფი, წარსულში მკვლელობებში, ტერორისტული აქტების განხორციელებაში, ადამიანების გატაცებასა და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებში მონაწილეობდა.