შსს: დავაკავეთ კაცი, რომელიც ჭიათურაში მეწარმეს სისტემატურად სძალავდა ფულს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, იმერეთის სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს 1989 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ვ.კ.

საქმე გამოძალვას ეხება. დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თავისი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით, ჭიათურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მეწარმეს – შ.გ.-ს სისტემატურად სძალავდა სხვადასხვა ოდენობის თანხას.

შსს ამბობს, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის მარტის თვეში მეწარმეს კვლავ მოსთხოვა გარკვეული ოდენობის თანხის გადახდა. უარის შემდეგ შ.გ.-ს მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით და ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა და მეტი დამაჯერებლობისთვის, ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნის დემონსტრირება მოახდინა.

გამოძალვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.