შსს-მ ჯგუფურად ჩადენილი ნივთის დაზიანების ბრალდებით, 2 პირი დააკავა.
უწყების ინფორმაციით, დაკავებულებმა 14 მაისს პარლამენტთან მიმდინარე აქციის დროს პარლამენტის შესასვლელთან განთავსებული რკინის დამცავი ჯებირი დააზიანეს.
გამოძიება უწყებამ სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს.
დანაშაული 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ჯგუფურად ჩადენილი ნივთის დაზიანების ბრალდებით 2005 წელს დაბადებული ო.ო. და წარსულში ნასამართლევი 2001 წელს დაბადებული ს.მ. დააკავეს. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 14 მაისს, თბილისში, საკანონმდებლო ორგანოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს ს.მ.-მ და ო.ო.-მ სხვა პირებთან ერთად, როგორც ფიზიკური ძალის, ასევე, რკინის ნივთის გამოყენებით პარლამენტის შესასვლელთან განთავსებული რკინის დამცავი ჯებირი მიზანმიმართულად დააზიანეს”, – წერია განცხადებაში.