შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც რუსთაველის გამზირზე შს სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომობილი დააზიანა

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე – 1995 წელს დაბადებული დ.კ. დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელსაც სახე სპეციალური ნიღბით ჰქონდა დაფარული, მიმდინარე წლის 28 მარტს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომობილი მიზანმიმართულად დააზიანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებულის იდენტიფიცირება მოახდინეს და იგი თბილისში დააკავეს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.