შსს: დავაკავეთ საქართველოში უკანონოდ მყოფი უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში უკანონოდ მყოფი უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე დააკავეს.

უწყების ცნობით, დაკავებულები ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის, ერაყის, პაკისტანის, თურქეთისა და ეგვიპტის მოქალაქეები არიან.

„დადგინდა, რომ დაკავებული პირები „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის გათვალისწინებით, ქვეყანაში იმყოფებოდნენ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.

მათ არ ისარგებლეს გაძევების გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადებით, რაც ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვებას გულისხმობს, რის შედეგადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული პირების დაკავების თაობაზე.

გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ამ დროისთვის დაკავებულები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში შემდგომში მათი წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების მიზნით“, – ნათქვამია განცხადებაში.