შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომლითაც დღეს დაგეგმილი აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს აფრთხილებს, რომ არ გასცდნენ შეკრება/მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს და თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია მიიღებს ყველა შესაბამის სამართლებრივ ზომას უკანონო ქმედების აღსაკვეთად.“
„როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, საქართველოს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებამდე, 24 ნოემბრიდან, რამდენიმე ოპოზიციური პარტიის მიერ იგეგმება რესპუბლიკის მოედანზე შეკრება და შემდგომ პარლამენტის მიმართულებით მსვლელობა.
მედიისა და სოციალური ქსელების მეშვეობით, ოპოზიციური პარტიის ლიდერების მიერ ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ შეკრების მიზანს წარმოადგენს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარებისთვის ხელის შეშლა, რომელიც შესაძლოა განხორციელდეს სხვადასხვა მეთოდებით.
დაგეგმილი აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს შევახსენებთ, რომ საქართველოს კანონმდებლობა დეტალურად განსაზღვრავს შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების სამართლებრივ ჩარჩოებსა და ფარგლებს, იმისათვის, რომ დაცული იყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოება და უზრუნველყოფილი იყოს სხვადასხვა ორგანიზაციების გამართული ფუნქციონირება.
გარდა ამისა, კანონით პირდაპირ აკრძალულია სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირება, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის თანახმად დასჯად ქმედებას წარმოადგენს. ამ დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსი სასჯელის სახით ითვალისწინებს, თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, ხოლო თუ ქმედება ჯგუფურადაა ჩადენილი – ჯგუფის წევრების მიმართ თავისუფლების აღკვეთას 4 წლამდე ვადით.
ამასთან, საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2024 წლის 23 ოქტომბრის საქართველოს მთავრობის №361 დადგენილებით დადგინდა სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხა, რომელთა შორის არის საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის ადმინისტრაციის შენობები“,- ნათქვამია განცხადებაში.
დღეს, 24 ნოემბერს თბილისში დაგეგმილია ოთხი საპროტესტო მარში.
15:00 საათზე, თავისუფლების მოედნიდან დაიწყება ქალთა მოძრაობისა და ქალთა ინტერპარტიული ჯგუფის ორგანიზებული მარში.
17:00 საათზე, გაიმართება პროფესორ-მასწავლებლების მარში ილიას სახელმწიფო უნვიერსიტეტიდან ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტამდე.
17:00 საათზე, გაიმართება სახელოვნებო პროტესტი, მონაწილეები რუსთაველის მეტროდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმართულებით გამართავენ მსვლელობას.
21:00 საათზე, ოპოზიციური პარტიების აქცია დაიწყება რესპუბლიკის მოედანზე, საიდანაც პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლებენ და ღამით დარჩებიან.