შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაში ჯგუფურად დახმარებისა და სხვისი ნივთის დაზიანების მცდელობის ფაქტებზე სამი პირი: წარსულში ნასამართლევი 2000 წელს დაბადებული რ.ა , 2002 წელს დაბადებული ფ.ბ. და 2001 წელს დაბადებული მ.ე. დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სხვადასხვა დროს საზღვარგარეთ მცხოვრები ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტის დავალებით, მარნეულის მუნიციპალიტეტში, მოქალაქეებს სიცოცხლის მოსპობის და ქონების განადგურების მუქარით დიდი ოდენობით თანხის გადახდა მოსთხოვეს.
უარის მიღების შემდეგ, რ.ა. -მ ერთ-ერთი დაზარალებულის სახლის ეზოში ავტომანქანის განადგურების მიზნით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ისროლა , კიდევ ერთი მოქალაქის ეზოში კი ბრალდებულებმა მუქარის შემცველი წერილი და 3 ვაზნა გადააგდეს.
სამართალდამცველებმა სამივე პირი ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღო”, – ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, მომხდარ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 25 – 181-ე და 19- 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.
დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.