შსს - გამოვავლინეთ ლაბორატორიები, სადაც ნარკოტიკს ამზადებდნენ და ინტერნეტით ყიდდნენ

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო დამზადება-შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის უპრეცენდენტოდ მასშტაბური სქემა გამოავლინეს.

უწყების ცნობით, დაკავებულია საქართველოში მოქმედი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები – საქართველოს 1 და უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე, 1 პირი კი მხილებულია.

ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ინტენსიური კომპლექსური სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დააკავეს. დაკავებულთა შორის არიან რუსეთის, უკრაინის, ყირგიზეთისა და ყაზახეთის მოქალაქეები.

„სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი და დროებითი საცხოვრებელი სახლებისა და ბინების ჩხრეკისას, ასევე, სხვადასხვა ადგილას მდებარე სამალავებიდან სულ ამოიღეს 21 კილოგრამამდე ფხვნილის სახით და 10 ლიტრამდე სითხის სახით ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“, – აცხადებს შსს.

უწყების თქმით, ამოღებული ნარკოტიკების საბაზრო ღირებულება შავ ბაზარზე 6 მილიონამდე ლარს შეადგენს.

ასევე, შსს ამბობს, რომ თბილისსა და ბათუმში ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დასამზადებლად საჭირო ლაბორატორიული ინვენტარი და სხვადასხვა სახის ქიმიური ნივთიერება.

შსს-ს განცხადებით, ნარკორეალიზატორთა საერთაშორისო ორგანიზებული დაჯგუფება ინტერნეტ აპლიკაციაში შექმნილი ჯგუფების გამოყენებით სომხეთში, ყირგიზეთში, უზბეკეთში, ტაჯიკეთსა და საქართველოში, კერძოდ, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადებას, შეძენა- შენახვას და რეალიზაციას ახდენდა.

„აღნიშნული ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების რეგიონალური მენეჯერი, უკრაინის მოქალაქე ნ.კ. ორგანიზაციისთვის შესაბამის კადრებს არჩევდა, შერჩეული კადრები საქართველოში ჩამოჰყავდა და მათ კოორდინაციას უწევდა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ყირგიზეთის მოქალაქე დ.კ., თბილისში, აფრიკის დასახლებაში ხოლო საქართველოს მოქალაქე გ.რ. ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე სპეციალურად მოწყობილ ნარკოლაბორატორიებში სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებისა და პრეკურსორის შერევის შედეგად, ნარკოტიკულ საშუალება „ალფა-პვპ“-ს ამზადებდნენ და დამფასოებლებისთვის ხელმისაწვდომ ადგილებზე ათავსებდნენ.

მათ უშუალო კავშირი ჰქონდათ თავის ხელმძღვანელებთან, რომლებსაც დამზადებული ნარკოტიკული საშუალებების განთავსების ადგილების ფოტოსურათებს და სამალავების კოორდინატებს უგზავნიდნენ.

რუსეთის მოქალაქე რ. ი-ს ფიქტიური ფირმის სახელზე საზღვარგარეთიდან იგზავნებოდა ნარკოტიკული საშუალების დასამზადებლად საჭირო ქიმიური ნივთიერებები, რომლებსაც ნარკოლაბორატორიაში მომუშავე პირებისთვის ხელმისაწვდომ ადგილებზე ათავსებდა. მას უშუალო კავშირი ჰქონდა თავის ხელმძღვანელებთან, რომლებსაც ქიმიური ნივთიერებების განთავსების ადგილების ფოტოსურათებს და სამალავების კოორდინატებს უგზავნიდა.

გამოძიებით, ასევე, დადგენილია, რომ ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე ხ.ტ. ყირგიზეთის მოქალაქის – დ.კ.-ს მიერ ლაბორატორიაში დამზადებულ და სხვადასხვა ადგილას განთავსებულ ნარკოტიკული ნივთიერება ,,ალფა-პვპ“-ს იღებდა, აფასოებდა და დანაშაულებრივ ორგანიზაციაში მომუშავე კურიერებისთვის სხვადასხვა მისამართზე ათავსებდა.

ყირგიზეთის მოქალაქეები – უ.შ. და ა.ბ. ნარკოტიკულ ნივთიერება „ალფა-პვპ“-ს, რომელსაც ხ.ტ. სამალავებში ათავსებდა, მითითებული მისამართებიდან იღებდნენ, აფასოებდნენ და მომხმარებლებისათვის ხელმისაწვდომ სხვადასხვა ადგილზე დებდნენ”, – აცხადებს შსს.