შსს: გუდაურში, ინდური რესტორნის მეორე სართულზე 12 ადამიანის ცხედარია ნანახი

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ გუდაურში მდებარე ინდური რესტორნის მეორე სართულზე მოწყობილ საძინებელ სივრცეში, სავარაუდოდ, ამავე ობიექტში დასაქმებული 12 ადამიანის ცხედარი იპოვეს.

უწყებაში აცხადებენ, რომ პირველადი დათვალიერებით მათ ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ. მათივე თქმით, გარდაცვლილი 12 პირიდან 11 უცხო ქვეყნის, ხოლო ერთი საქართველოს მოქალაქეა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გუდაურში მომხდარ სავარაუდოდ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც გარდაიცვალა 12 პირი, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყეს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

გუდაურში მდებარე ინდური რესტორნის მეორე სართულზე, მოწყობილ საძინებელ სივრცეში, ნანახი იქნა, სავარაუდოდ, ამავე ობიექტში დასაქმებული 12 ადამიანის ცხედარი.

პირველადი დათვალიერებით ცხედრებს ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ. ასევე, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, საძინებელი ოთახების სიახლოვეს, შიდა, დახურულ სივრცეში განთავსებული იყო გენერატორი, რომელიც გუშინ, სავარაუდოდ მას შემდეგ ჩართეს, რაც ობიექტს დენის მიწოდება შეუწყდა.

გარდაცვლილი 12 პირიდან 11 უცხო ქვეყნის, ხოლო ერთი საქართველოს მოქალაქეა”, – ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები, მიმდინარეობს საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირების გამოკითხვები. მათივე განცხადებით, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, ასევე, გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად დანიშნულია სასამართლო- სამედიცინო ექსპერტიზა.