შსს: გურჯაანში ცოლის და კიდევ 2 ადამიანის მკვლელობის ბრალდებით 39 წლის კაცი დავაკავეთ 

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთის პოლიციის თანამშრომლებმა გურჯაანის მუნიციპალიტეტში 3 ადამიანის მკვლელობისთვის 1985 წელს დაბადებული, წარსულში სანამართლევი ზ.ზ. დააკავეს.

მას ბრალად სამი პირის დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედება.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გურჯაანის სამი პირი: მეუღლე – 1986 წელს დაბადებული ფ.ტ. და თანასოფლელები: 1980 წელს დაბადებული მ.მ. და 1985 წელს დაბადებული რ.კ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

უწყების განცხადებით, ჩატარებული სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ზ.ზ. ცხელ კვალზე ბრალდებულის სახით დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს.