შსს-ის მოქმედმა თანამშრომელმა კაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა 

პუბლიკა

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე კაცმა ცეცხლსასროლი იარაღით ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა, შემდეგ კი თვითდაზიანებები მიიყენა. ახლა ის ხეჩინაშვილის კლინიკაშია მოთავსებული. მისი მდგომარეობა მძიმეა.

კაცი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელია. ინფორმაცია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელმა დაადასტურა.

„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედმა თანამშრომელმა მისი ყოფილი მეუღლისა და სიდედრის მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა გასროლა, რის შემდეგაც თავის არეში მიიყენა დაზიანება. ის ამჟამად გადაყვანილია სამედიცინო კლინიკაში”, – განაცხადა სამმართველოს უფროსმა, ბაჩანა კვარაცხელიამ.

მისივე თქმით, შემთხვევის დროს ადგილზე გარდაცვლილის არასრულწლოვანი შვილები იმყოფებოდნენ

ჯერჯერობით უცნობია, ჰქონდა თუ არა კაცს გამოწერილი შემაკავებელი ორდერი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11/109 მუხლით მიმდინარეობს, რაც 2 ამ მეტი პირის განზრახ დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობას გულისხმობს.