შსს: კანონი არ კრძალავს წყლის ჭავლისა და ცრემლმდენი გაზის ერთდროულად ან პარალელურ რეჟიმში გამოყენებას

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ არც „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი და არც მის საფუძველზე გამოცემული არც ერთი მოქმედი სამართლებრივი აქტი არ კრძალავს წყლის ჭავლისა და ცრემლმდენი გაზის ერთდროულად ან პარალელურ რეჟიმში გამოყენებას.

ამ განცხადებით უწყება ეხმაურება TV პირველზე გასულ სიუჟეტს, რომელშიც საუბარია, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დარბევისას შსს-მ სპეციალური საშუალებები კანონდარღვევით გამოიყენა.

სიუჟეტში, რომელიც „ნოდარ მელაძის შაბათში“ 19 ოქტომბერს გავიდა, ჟურნალისტი ამბობს, რომ მოიპოვეს ჩანაწერები, რომლიდანაც ირკვევა, რომ შსს წყლის ჭავლში ცრემლმდენ გაზს ურევდა. ჟურნალისტი სიუჟეტში ამბობს, რომ ეს უკანონოა.

დღეს, 21 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში შინაგან საქმეთა სამინისტრო წერს, რომ სიუჟეტში გაჟღერებული ინფორმაცია, „თითქოსდა სამინისტრომ დაარღვია „პოლიციის შესახებ“ კანონი, მაშინ როდესაც ერთდროულად გამოიყენა წყლის ჭავლი და ცრემლმდენი გაზი, არის სიცრუე და მოქალაქეების განზრახ შეცდომაში შეყვანის მცდელობა“.

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი მკაფიოდ განსაზღვრავს პოლიციის მიერ სპეციალური საშუალებების გამოყენების წესებს, რომლის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „ცრემლსადენი გაზის გამოყენება დასაშვებია პირზე, პოლიციელზე ან/და დაცულ ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად, მართლწესრიგის მასობრივი და ჯგუფური დარღვევის აღსაკვეთად“, ხოლო „წყალსატყორცნი“ სატრანსპორტო საშუალება გამოიყენება მართლწესრიგის მასობრივი დარღვევის აღსაკვეთად, სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ობიექტზე ჯგუფური თავდასხმის მოსაგერიებლად“.

პოლიციის მიერ გამოყენებული სპეციალური საშუალებების სახე და მისი ინტენსიურობა განისაზღვრება კონკრეტული სიტუაციის მიხედვით კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ არც „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი და არც მის საფუძველზე გამოცემული არც ერთი მოქმედი სამართლებრივი აქტი არ კრძალავს წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის ერთდროულად, ან პარალელურ რეჟიმში გამოყენებას.

მეტიც, ამგვარ აკრძალვას არ ითვალისწინებს ისეთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები, როგორიცაა ეუთო/ოდირისა (OSCE/ODIHR) და „ამნესთი ინთერნეიშენალის“ (Amnesty International) სახელმძღვანელო დოკუმენტები.

„ამნესთი ინთერნეიშენალის“ სახელმძღვანელო დოკუმენტის თანახმად, წყლის ჭავლში დასაშვებია შეერიოს მარკერული საღებავი ან/და ქიმიური საშუალებები, ხოლო ეუთო/ოდირის გაიდლაინის თანახმად, დასაშვებია წყლის ჭავლში ცრემლსადენი გაზის დამატება და მათი გამოყენება ძალადობრივ ქმედებებში ჩართული პირების მიმართ. ამავე დოკუმენტის თანახმად, ცრემლსადენი გაზის გამოყენების ერთადერთი მიზანი უნდა იყოს შეკრების დაშლა და იგი არ უნდა გამოიყენონ ისეთ ადგილას, სადაც ხალხს არ ექნება ადგილიდან გასვლის შესაძლებლობა“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.