შსს ლექსო ლაშქარავას ოჯახს დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვას სთავაზობს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ტვ პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ოჯახს დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვას სთავაზობს.

“დაინიშნა შესაბამისი სასამართლო-სამედიცინო ექსპეტიზა, გარდაცვლილის ცხედარი გადასვენებულია ექსპერტიზის ბიუროში.

ოჯახის წევრებს გამოძიების მიერ შეეთავაზათ, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაში მონაწილეობა მიიღოს მათთვის სასურველმა დამოუკიდებელმა და საერთაშორისო ექსპერტმა”. – ვკითხულობთ სამინისტროს განცხადებაში.


ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვნეს.

ლექსო ლაშქარავა სასტიკად სცემეს „სირცხვილიას” ოფისში მოძალადეების შეჭრისას. როგორც ჟურნალისტი მირანდა ბაღათურია იხსენებს: „ოპერატორი იყო სისხლის გუბეში, 20 წუთის განმავლობაში უმოწყალოდ ურტყამდნენ. მე ვყავდი კიბის მოაჯირზე 15 კაცს გაკავებული, ვკიოდი, არ მოკლათ-მეთქი, მჩქმეტდნენ და წიხლებს მირტყამდნენ,  20-მა კაცმა ჩაითრია ლექსო და არ ჩანდა”.

ლაშქარავას ოპერაცია ჩაუტარდა, მას ტვინის შერყევა დაუდგინდა და სახის ძვლები ჰქონდა ჩამტვრეული.