შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დააკავეს კაცი, რომელმაც საგარეჯოში, სოფელ ლამბალოში 14 წლის გოგო სასიკვდილოდ დაჭრა. მკვლელს 3 დღე ეძებდნენ.
მკვლელობამდე კაცი ბავშვთან „არარეგისტრირებულ ქორწინებაში“ იყო. მოკლულის დედის თქმით, მან გოგო 2 თვის წინ მოიტაცა, მისი ოჯახის წევრებს კი მოკვლით ემუქრებოდა იმ შემთხვევაში, თუ მას სახლში დააბრუნებდნენ. გოგოს დედამ ასევე თქვა, რომ მკვლელობამდე კაცმა მოზარდი აწამა.
შსს-ის ცნობით, დაკავებულია 1996 წელს დაბადებული ა.ს.
აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა მას თელავის რაიონულმა სასამართლომ 9 ოქტომბერს დაუსწრებლად შეუფარდა.
ბრალდებულს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
შსს-ის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კაცმა საგარეჯოს ერთ-ერთ სოფელში, 2009 წელს დაბადებულ ა.შ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე, 143-ე და 236-ე მუხლებით, რაც არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთას, ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს.
აქვე აღვნიშნავთ, რომ ა.შ.-ს მიმართ განხორციელებული შესაძლო ქორწინების იძულების ფაქტზე ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა150-ე პრიმა მუხლით. საქმეზე ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.