შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი პირი პოლონეთის სამ მოქალაქეზე თავდასხმის გამო ჯგუფური ძალადობის მუხლით დააკავა.
უწყების ცნობით, დააკავეს 2004 წელს დაბადებული ს.ჯ. და წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი, 1985 წელს დაბადებული ე.გ. ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს.
შსს აცხადებს, რომ ბრალდებულებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თბილისში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენეს პოლონეთის სამ მოქალაქეს, ხოლო ფიზიკური დაპირისპირებისას ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ე.გ.-მ ბლაგვი საგნის გამოყენებით ფიზიკურად იძალადა მათზე.
უწყების ცნობით, დაშავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.
მანამდე ინფორმაცია გაავრცელა პოლონურმა მედიამ.
პოლონური ონლაინგამოცემა PAP-ის თანახმად, დანით დაჭრეს 2 პოლონელი სასაზღვრო ოფიცერი და მათ ქირურგიული ჩარევა დასჭირდათ. PAP-ის ცნობით, მესაზღვრეებს თავს დაესხნენ ხელკეტებითაც.
გამოცემა წერს, რომ ინციდენტი ოთხშაბათს, 8 ოქტომბერს მოხდა ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტოსთან (Frontex) ერთობლივად ორგანიზებული დაბრუნების ოპერაციის შემდეგ – ანუ მას შემდეგ, რაც საქართველოში დეპორტირებული პირები ჩამოიყვანეს.
პოლონელ სასაზღვრო ოფიცრებზე თავდასხმის ფაქტი დაადასტურა სასაზღვრო დაცვის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ანდეი იუზვიაკმა.