შსს-მ 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით 13 ადამიანი დააკავა

პუბლიკა

შსს-მ 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით 13 ადამიანი დააკავა

„ქართული ოცნების” შს მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის თქმით, უკვე იდენტიფიცირებულია 15 ადამიანი, ვინც „4 ოქტომბრის დანაშაულში მონაწილეობდა”, მათგან 13 – უკვე დაკავებულია, 2-ის ძებნა კი გრძელდება.

„გამოძიების ფარგლებში პირველ ეტაპზე სამართალდამცველების მიერ იდენტიფიცირებულია დანაშაულში მონაწილე 15 პირი, საიდანაც სასამართლოს განჩინების საფუძველზე უკვე დაკავებულია 13 პირი.

ესენი არიან: თ.მ; ა.ნ; დ.ჟ; ბ.მ; ა.გ; ე.შ; გ.რ; ვ.ფ; დ.ს; მ.მ; ა.ხ; კ.მ და ს.მ”. – თქვა ალექსანდრე დარახველიძემ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე ( მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ),  225-ე (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა), 222-ე (ტელერადიომაუწყებლობის ან კავშირგაბმულობის დაწესებულების ანდა სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება) და 187-ე ( ნივთის დაზიანება ან განადგურება) მუხლებით მიმდინარეობს.


4 ოქტომბერს თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა.

დაახლოებით 19:00 საათზე თავისუფლების მოედანზე გაშლილი სცენიდან პაატა ბურჭულაძემ თქვა, რომ „ამ წუთიდან ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს”, „ენმ-ის” წევრმა, მურთაზ ზოდელავამ კი შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდა, პრეზიდენტის რეზიდენციისკენ გადაენაცვლათ, რომელიც თავისუფლების მოედანთან ახლოს მდებარეობს.

„მორჩა ლაილაი აქციებზე, მორჩა ბოდიალი, მორჩა ბიძინას მონობა, მორჩა ჩმორობა. ყველას გთხოვთ, გამოირჩეს მამაკაცური ძალა. ქალბატონები აქ უნდა იდგეთ, არ უნდა დაიშალოთ. საქართველო, დაგვემატეთ, გამოდით. მამაკაცური ძალა ბარათაშვილის მხარეს გამოვალთ და ჩავიბარებთ პრეზიდენტის სასახლის გასაღებს. ეს იქნება პირველი ნაბიჯი”. – თქვა მურთაზ ზოდელავამ სცენიდან.

მისი ამ განცხადებიდან რამდენიმე წუთში მოქალაქეების ნაწილი ათონელის ქუჩაზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან იყო.

აქციის მონაწილეების ნაწილმა შეანგრია პრეზიდენტის რეზიდენციის ჭიშკარი და ღობე და ეზოში შეიჭრა. მალევე ეზოში გამოჩნდა სპეცრაზმი. სპეცრაზმმა დემონსტრანტები წიწაკის სპრეის, წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა. გამოიყენეს ე.წ გაზის კაფსულაც.

აქცია 16:00 საათიდან იყო დანიშნული. დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე პაატა ბურჭულაძემ „4 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტის” წევრები დაასახელა: პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე.

4 ოქტომბრის დემონსტრაციისთვის მზადება დაახლოებით 2 თვის განმავლობაში გრძელდებოდა. „ენმ-ის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი აცხადებდა, რომ 4 ოქტომბერს რევოლუცია მოხდებოდა. ხაბეიშვილი 13 სექტემბერს დააკავეს. „4-ში ვიწყებთ, 4-ში დავამთავრებთ” და „მშვიდობიანი დამხობა” იყო აქციის ორგანიზატორების სლოგანი.

4-5 ოქტომბრის ღამით დააკავეს აქციის „საორგანიზაციო კომიტეტის” ხუთივე წევრი.

პროკურატურა აცხადებს, რომ ზოდელავა, ბურჭულაძე, ნადირაძე და ლაშა ბერიძე იყვნენ იმათ შორის, ვინც შეიჭრა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოში.

პროკურატურამ მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალი 3 მუხლით წარუდგინა: სსკ-ის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად); 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა) და 317-ე მუხლით (მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ).

ლაშა ბერიძეს ბრალი წარედგინა 2 მუხლით: სსკ-ის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა).

პაატა მანჯგალაძეს – 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება).