შსს-მ 8-9 სექტემბერს კალაძის შტაბთან მომხდარზე 3 პირი დააკავა

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 8 და 9 სექტემბერს „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბთან მომხდარის შემდეგ 3 ადამიანი დააკავეს.

ორი ადამიანი დაკავებულია ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის მუხლით, ხოლო ერთი ადამიანი – სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით.

უწყების ცნობით, ჯგუფური ძალადობის მუხლით დაკავებულებმა, რომელთა ინიციალებია ზ.მ. და ი.ბ., 8 სექტემბერს აქციის მონაწილეებზე ფიზიკურად იძალადეს; სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით დაკავებულმა ი.დ.-მ კი კალაძის საარჩევნო ბანერი დააზიანა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით, 162-ე პრიმა მუხლითა და 187-ე მუხლით მიმდინარეობს.

126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილი, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს, ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით;

162-ე პრიმა მუხლი წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობას ან ძალადობის მუქარას გულისხმობს და ამ მუხლისთვის გათვალისწინებული სასჯელი სხვადასხვა ნაწილებისთვის არის როგორც ჯარიმა და 2 წლამდე პატიმრობა, ასევე სამ წლამდე ან ხუთ წლამდე პატიმრობაც.

187-ე მუხლი სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს  – მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან ხუთ წლამდე.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 8-9 სექტემბერს, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, 3 პირი დააკავა.

ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დაკავებულები არიან: 1965 წელს დაბადებული ზ.მ. და 2003 წელს დაბადებული ი.ბ., ხოლო, ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით დაკავებულია 2002 წელს დაბადებული ი.დ.

გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ დაკავებულმა ზ.მ.-მ და ი.ბ.-მ 8 სექტემბერს, მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის მსვლელობისას, აქციის მონაწილეებზე ფიზიკურად იძალადეს. რაც შეეხება ი.დ.-ს მან მელიქიშვილის გამზირზე, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის საარჩევნო ბანერი დააზიანა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მომხდარ ფაქტებთან შემხებლობაში მყოფ ყველა პირს, ითანამშრომლონ გამოძიებასთან და გამოძახებისთანავე გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით, 162-ე პრიმა მუხლითა და 187-ე მუხლით მიმდინარეობს.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს მომხდარ დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილე სხვა პირების გამოვლენისა და მათი პასუხისგებაში მიცემის მიზნით. კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

სამთავრობო პროპაგანდისტული „იმედი“ წერს, რომ „შსს-მ დააკავა ზაზა მამალაძე, რომელმაც აქციის დროს ქალს სახეში ხელი გაარტყა და ირაკლი ბუაჩიძე, რომელმაც წაქცეულ მომიტინგეს ხელკეტი ჩაარტყა.“

მათივე ინფორმაციით, ასევე დაკავებულია პირი, რომელმაც „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერები დააზიანა.