შსს-ს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალქალაქის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ორი პირი – 1954 წელს დაბადებული ს.პ. და 2001 წელს დაბადებული ა.მ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.
მათ ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილ ხულიგნობაში ედებათ. დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 26 მარტს ახალქალაქში, თავისუფლებისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე კაფე-ბარი „გოლდის“ მიმდებარედ მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირების დროს ბრალდებულებმა განახორციელეს გასროლები ცეცხლსასროლი იარაღიდან“, – აცხადებს შსს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ასევე, 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილ ხულიგნობას გულისხმობს.
26 მარტს ახალქალაქში, „ქართული ოცნების” დეპუტატის, ენზელ მკოიანის სახლთან ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.
როგორც ადგილობრივი გამოცემა „სამხრეთის კარიბჭე“ წერდა, შემთხვევა დაახლოებით 15:00 საათზე მოხდა.