შსს-მ აქციაზე გზის გადაკეტვისა და სახის დაფარვის საბაბით ადმინისტრაციული დაკავებები განაახლა 

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ შსს-მ რუსთაველზე საპროტესტო აქციაზე გზის უკანონოდ გადაკეტვისა და სახის დაფარვის საბაბით ადმინისტრაციული დაკავებები განაახლა.

დააკავეს „ფორმულას” ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი.

„ჩემამდეც მოვიდნენ. მომაკითხეს მილიციელებმა. რომ ჰგონიათ ან მე შემეშინდება, ან ჩემი ოჯახის რომელიმე წევრს, ან ჩემს რომელიმე მეგობარს. ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ. „ქართული ოცნება“, რუსებო! დე, მა, ბებო/ბაბუ, არ ინერვიულოთ“, – დაწერა ჟურნალისტმა Facebook-ზე.

ციცქიშვილის გარდა, დაკავებაზე დაწერა მოქალაქე თამარ თოთლაძემ, ასევე – თეონა სარალიძემ თქვა, რომ დააკავეს მისი ძმა, თემურ სარალიძე.

ადვოკატ ილონა დიასამიძის ინფორმაციით, 18 ოქტომბრის აქციის საქმეზე დღეს, 20 ოქტომბერს დააკავეს მოქალაქე ნინო ბერუაშვილი.

გავრცელდა ინფორმაცია საბა ჯაფარიძის დაკავებაზეც.

„ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროტესტის შემზღუდავი კანონის აღსრულება გუშინ, 19 ოქტომბერს დაიწყო და წინა დღეს რუსთაველზე გზის უკანონოდ გადაკეტვისა და სახის დაფარვის საბაბით დააკავა 14 ადამიანი. მათ ნაწილს რამდენიმედღიანი პატიმრობა შეუფარდეს, მათ შორის, „ფორმულას“ კიდევ ერთ ჟურნალისტ ვახო სანაიას.

შსს-ისვე თქმით, 18 ოქტომბრის აქციის კიდევ 13 მონაწილის მიმართ „მიმდინარეობს საქმის წარმოება“.