შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ელენე ხოშტარიას მიერ კახა კალაძის ბანერის დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
„შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლების მომართვის საფუძველზე, საარჩევნო ბანერების დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
შეტყობინების თანახმად, აღნიშნული ქმედება ჩაიდინა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ. სამართალდამცველები ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ, ექსპერტიზის საფუძველზე დადგინდება ზარალის ზუსტი ოდენობა და აღნიშნულ ქმედებას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე წარწერა: „რუსული ოცნება” დატოვა.
„სოლიდარობა მეგის“ – დაწერა მან მოგვიანებით სოციალურ ქსელში.
სწორედ კალაძის ბანერზე დატოვებული ამავე წარწერის გამო სისხლის სამართლის წესით დააკავეს 23 წლის სტუდენტი, მეგი დიასამიძე. მას 12 სექტემბერს მოსამართლე დავით კურტანიძემ აღკვეთის ღონისძიების სახით 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა და დარბაზიდან გაათავისუფლა.