შსს-ს ცნობით, ერთ-ერთი მედიასაშუალების საინფორმაციო გადაცემაში გასული ინფორმაციის საფუძველზე, სადაც საუბარი საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრების და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლების მიმართ მუქარის შემცველი შინაარსის გზავნილებს ეხებოდა, გამოძიება დაიწყო.
შსს-ში აცხადებენ, რომ წარსულში ნასამართლევი პირის – ნ.ნ.-ის მიერ განხორციელებული, სავარაუდოდ, მუქარის შემცველი განცხადებების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს.
საქმე ეხება აუდიოჩანაწერს, რომელიც „შაბათის ფორმულამ“ გაავრცელა. ჩანაწერის ავთენტურობა ჯერ დადასტურებული არ არის. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით საქართველოს ნაკრების წევრებმა და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ მუქარის შემცველი ხმოვანი შეტყობინებები მიიღეს.
„წყაროს ინფორმაციით, მუქარის ავტორია ნოდარ ნიშნიანიძე – 32 წლის კაცს, რომელზეც საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული. შეტყობინების შინაარსის მიხედვით, ნიშნიანიძე ფედერაციას თამაშის წესებსა და გუნდის ძირითად შემადგენლობას უდგენს. ჩანაწერიდან ირკვევა, რომ ნიშნიანიძე გაბრაზებულია იმის გამო, რომ ბოლო მატჩზე, როდესაც საქართველომ მაკედონიას 2:0 მოუგო ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდა ვაკო ყაზაიშვილი, საქართველოს ნაკრების შემტევი და ულსან ჰიუნდაის ნახევარმცველი. ნიშნიანიძე ყაზაიშვილის ცოლის ძმაა და უკვე წლებია ქართული ოცნების ხელისუფლებასთანა დაპირისპირებული, რადგან მისივე მტკიცებით, მას გამოძიებამ ჯერ კიდევ 2015 წელს იარაღი ჩაუდო“,- ნათქვამია ფორმულას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი „შაბათის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით აცხადებს, რომ თავად ეს შეტყობინება არ მიუღია და ფაქტთან დაკავშირებით შესაბამის სამსახურებს „აქვთ უკვე ინფორმაცია.“
აღნიშნულ ჩანაწერს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილი, რომელიც ბოდიშს იხდის მისი ცოლის ძმის მიერ საქართველოს ნაკრებისადმი სავარაუდო მუქარის გამო.
„პირველ რიგში ქართველი ფეხბურთის ქომაგებს, საქართველოს ყველა მოქალაქეს ბოდიშს ვუხდი ფაქტისთვის, რომელიც ჩემთვის ყველაზე მეტად მიუღებელია. ეროვნული ნაკრების გარეშე ფეხბურთელის კარიერული ცხოვრება სრულფასოვანი არასოდესაა. ყველა ფეხბურთელისთვის ყველაზე ფასეული სწორედ ნაკრებია და მეც არ ვარ გამონაკლისი. ცხოვრებაში არავინ დამჭირვებია მინდორზე მოსახვედრად. ყველამ, ვისაც ფეხბურთი უყვარს, იცის, რომ ჩემ მიერ გატანილი გოლების და დაშვებული შეცდომების უკან მხოლოდ მე ვდგავარ. არავინ და არაფერი ჩემი შრომის და ფეხბურთის სიყვარულის გარდა“, — წერს ყაზაიშვილი Facebook-ზე.